ბაია პატარაია სკოლებში “დედა ენის” დაბრუნებაზე: გოგებაშვილს ეს რომ ესმოდეს, გულიც გაუსკდება – რამ გამოგათაყვანათ მთელი ერიო

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სკოლებში “დედა ენის” დაბრუნების საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ის “დედა ენა” დღესდღეობით, არც თანამედროვეა და არც ახლებური. მისივე შეფასებით, ამით იაკობ გოგებაშვილის და სამშობლოს სიყვარული არ გამოიხატება.
“გოგებაშვილს ეს რომ ესმოდეს, გულიც გაუსკდება – რამ გამოგათაყვანათ მთელი ერიო. დედა ენა იმ დროს საუკეთესო იმიტომ იყო, რომ ძალიან თანამედროვე და ახლებური იყო. დღეს ის “დედა ენა” აღარც თანამედროვეა და აღარც ახლებური. ჩვენ კიდევ ვაკანონებთ, რომ წერა-კითხვა 21-ე საუკინის ბავშვებმა 100 წლის წინანდელი წიგნით უნდა ისწავლონ. ეს არც გოგებაშვილის პატივისცემაა და არც სამშობლოს სიყვარული. ეს არის სიბრიყვე და იაფფასიანი პოპულიზმი.
აქვე ვიტყვი, რომ ბავშვების სახელმძღვანელოების უმეტესობა არის კატასტროფულად ცუდი. ამ წიგნებს წერს ხალხი, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები და არ მუშაობენ მათ განსანათლებლად. ისინი უბრალოდ ფულის საშოვნელად ადგენენ წიგნებს და არიან უნიჭოები. ამაზეც გული დასწყდებოდა იაკობს, რადგან მან ბავშვების სიყვარულით დაწერა მაშინ “დედა ენა”. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ხელმისაწვდომია ლამის მთელი მსოფლიოს ცოდნა, ქართველები ისეთ სახელმძღვანელოებს წერენ, ბავშვს რომ სწავლა შესძულდება. მე ვკითხულობ ხოლმე ჩემი შვილის ისტორიის და ბუნების წიგნებს და თანავუგრძნობ, რომ ამ ბოდვის დამახსოვრებას სთხოვენ ბავშვს.
იმის ნაცვლად ხელისუფლება უკეთესი სახელმძღვანელოების დაწერას უწყობდეს ხელს, 100 წლის წინანდელ წიგნს სავალდებულოს ხდიან. საერთოდ, როგორ ვარსებობთ, არ ვიცი, შეცდომები, შეცდომები, შეცდომები, ფსევდოპატრიოტიზმი და საკუთარი ხალხის არსიყვარულია გარშემო, პლუს საშინელი უგუნურობა და უტვინობა.
იაკობ გოგებაშვილის სულო, გვიშველე…”, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.
​შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც “დედა ენა” კანონის დონეზე ხელშეუხებლები გახდება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ფორმალურ განათლებაში დაინერგოს და ბავშვებმა სწორედ ამ წიგნით ისწავლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები