ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემას პრემია გადაეცა

არტემ ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 24 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
ქართული გალობის ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის სფეროში მოღვაწე მკვლევარები და შემსრულებლები სამ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, კერძოდ, საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა (ფულადი პრემია 4000 ლარი), საუკეთესო გამოყენებითი კვლევა (ფულადი პრემია 4000 ლარი) და საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო ნაშრომი (ფულადი პრემია 2000 ლარი). ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფონდი „ქართული გალობა“.
შეგახსენებთ, რომ არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია 2016 წელს დაარსდა. ფონდი „ქართული გალობა”, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, გასცემს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიას ქართული საეკლესიო გალობის სფეროში შესრულებული მეცნიერული კვლევებისათვის.
საღამოზე გამოვლინდა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის სფეროში შესრულებული საუკეთესო ნაშრომები.
· საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო ნაშრომი: „შეხვეტილიანის“ ციკლის ისტორიული ჩამოყალიბებისა და მუსიკალური თავისებურებების კვლევის საკითხისათვის“, მონაზონი ნინო (სამხარაძე)
· საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა: იოანე პეტრიწი და ქართული მუსკალურ-ესთეტიკური აზროვნება (სტატიების კრებული), ნინო ფირცხალავა
· ნომინაციაში საუკეთესო გამოყენებითი კვლევა გაიმარჯვა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემამ ქართული გალობის ანთოლოგია – I და VIII ტომები (ავტორები: სვიმონ ჯანგულაშვილი და ლევან ვეშაპიძე).
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.
არტემ ერქომაიშვილი უწყვეტი ძველი ქართული სამგალობლო ტრადიციის ბოლო წარმომადგენელია. ის იყო საზოგადო მოღვაწე, ლოტბარი, გურული სიმღერის ერთ-ერთი გამორჩეული მცოდნე და უკანასკნელი სრული მგალობელი, რომელმაც ზეპირად იცოდა ათასობით საგალობელი. ქართული გალობის სამი შტოდან ერთ-ერთის – შემოქმედის სკოლის უნიკალური გალობა, ძირითადად, სწორედ არტემ ერქომაიშვილმა შემოუნახა მსოფლიო კულტურას.
ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათი განვითარება-პოპულარიზაციისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ სფეროში ახალგაზრდობის უფრო მეტი ჩართულობისათვის სტიმულის მიცემას. არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები