„სიყვარულის ჰერმენევტიკა რომანტიზმში: ფრიდრიხ შლეგელის რომანის „ლუცინდეს“ მიხედვით” – საჯარო ლექცია გაიმართება
29 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სიყვარულის ჰერმენევტიკა რომანტიზმში:
ფრიდრიხ შლეგელის რომანის „ლუცინდეს“ მიხედვით”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრას წარუძღვება თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე. დასწრება თავისუფალია.
გერმანული რომანტიზმის, და ზოგადად, რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურისა და თეორეტიკოსის, ფრიდრიხ შლეგელის (1772-1828) რომანი „ლუცინდე“ [1799] რომანტიკული რომანის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია.
რომანი ასახავს ახალგაზრდა კაცის, მომავალი მხატვრის, იულიუსის პიროვნული განვითარებისა და სრულყოფის პროცესს. მისი პიროვნული განვითარება (გერმ. Bildung) კი უკავშირდება მხატვარ ქალს, ლუცინდეს. ლუცინდესადმი იულიუსის უსაზღვრო ტრფობა, – რასაც რომანში პლატონური ეროსის კონცეფცია და ადამ და ევას მითოსური წყვილის არქეტიპი უდევს საფუძვლად, – განაპირობებს ფილისტერულ-ბიურგერული გარემოსა და უტილიტარულ-პრაგმატული ცნობიერებისაგან იულიუსის გამიჯვნასა და ღვთაებრივი ტრანსცენდენტურობისადმი მის უსასრულო სწრაფვას (გერმ. Sehnsucht).
წყვილის ურთიერთობა ერთდროულად არის ეროტიკული და ინტელექტუალურ-ფილოსოფიური სეანსები. რომანში ასახული ამ გულწრფელი და დაუფარავი ეროტიზმის გამო, ეს ტექსტი იმთავითვე გმობის საგანი გახდა არა მხოლოდ გერმანულ ბიურგერულ-ფილისტერულ წრეებში, არამედ თვით გერმანელ ე. წ. თავისუფალ განმანათლებელ ინტელექტუალთა წრეებშიც, კერძოდ, იმავე გოეთესა და შილერისათვის ეს ტექსტი ცალსახად იყო კაცობრიობის შეურაცხყოფა. იმ პერიოდის ცნობილ ინტელექტუალთაგან ეს რომანი და მისი ავტორი მხოლოდ ფილოსოფოსმა იოჰან გოტლიბ ფიხტემ და რელიგიის ფილოსოფოსმა და ბერლინის მომავალმა მთავარმა პასტორმა, ფრიდრიხ შლაიერმახერმა დაიცვეს.