ზვიად გამსახურდიას ოჯახი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები – ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურას მიმართავენ და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ. პირველი პრეზიდენტის შვილები აცხადებენ, რომ ამ დრომდე, არაფერი გაკეთებულა და შესაბამისად, საქმე წინ არც მომდევნო 5 წელწადში წაიწევს.
„თუ გამოძიება ამ ხუთ წელშიც ისე წარიმართა, როგორც ეს წლების წინ იყო, მაშინ შედეგი გვექნება ისევ ნულოვანი. ვთხოვთ მთავარ პროკურორს და ამის შესახებაც ვაცნობებთ, რომ საქმეზე დაინიშნოს ოჯახის და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორი, რომელსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაცია ექნება. ჩვენ რამდენიმე ადამიანზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით არ დავასახელებთ. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა ეფექტური მუშაობა“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
გამსახურდიების ოჯახის წევრები უკვე მე-10 დღეა, მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილობენ. ცნობისთვის, 21 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებები გატარდეს. ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.
ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურებოდა. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.