თბილისში, მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა მარიამ ლორთქიფანიძის დამსახურებებზე ისაუბრა და დედაქალაქის საკრებულოს ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გახსნის ცერემონიას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და კოლეგები, ასევე მოწვეულ სტუმრები ესწრებოდონენ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სხვებთან ერთად მარიამ ლორთქიფანიძის ვაჟმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ოთხმეზურმაც მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ჩემთვის დღევანდელი დღეს საზეიმოა, რადგან დღეს კიდევ ერთხელ დაფასდა მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლი. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რომლის გადაწყვეტილებითაც თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას მარიამ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა“,-განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.
მარიამ ლორთქიფანიძე ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გახლდათ.
ის იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე.