დავით ოქიტაშვილი: ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელა ჩემი დღევანდელი განცხადება

ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელა ჩემი დღევანდელი განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ოქიტაშვილი მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.
“ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელეს ჩემი დღევანდელი განცხადება. ნინო ანანიაშვილი არის მსოფლიო დონის პრიმა-ბალერინა და მისი, როგორც პროფესიონალის მოღვაწეობა ქართული ბალეტისთვის, უდავოდ მნიშვნელოვანი და წარმატებულია. მე ვისაუბრე ქალბატონი ნინოს მეუღლე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის დღევანდელ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს და დამხობისაკენ მოუწოდებს მოსახლეობას! ამ დროს ქალბატონი ნინო არის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, იმ საბალეტო დასის, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკისგან ისევე, როგორც ხელოვნების და კულტურის ყველა ორგანიზაცია”, – წერს დავით ოქიტაშვილი.
კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოქიტაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ორშაბათიდან პერმანენტული აქციები დაიწყება. ოქიტაშვილის თქმით, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის ოპერის კარი დაკეტილია.
“ოპერაში ძალიან კრიზისული სიტუაციაა. საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის ნარკობარიგას. მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთნხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს.
ოპერა ხელში აქვთ ჩაგდებული ვაშაძეებს და ანანიაშვილებს. იქ არ აქვთ უფლება შევიდნენ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე და ა.შ. მეოთხე-მეხუთე სართული დაკავებული აქვთ ბალეტისთვის, გუნდი, რომელიც ოპერისაა, ჩაუშვა 0 სართულზე, სარდაფში. როცა მათ ხმა ამოიღეს, უთხრეს, წყნარად იყავით, თორემ ქუჩაში გაგყრით ყველასო”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები