ია მეტრეველი: სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთად გასცეს ბრძანება, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო

„როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთად გასცეს ბრძანება, რომ პატრული არაფრით არ უნდა დაზარებულიყო და პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო, რადგან სააკაშვილის საამაყო რეფორმა იყო სწორედ პატრული“, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ია მეტრეველი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გუშინ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრება დაიწყო.
“გუშინ ნამდვილად ძალიან რთული დღე იყო, ნამდვილად მნიშვნელოვანი. არამარტო ჩემი ოჯახისთვის, ეს იყო საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე. იმიტომ, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი უბედურების საქმე ელოდებოდა სამართალს, საზოგადოება ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას. გუშინ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება დაიწყო. მჯერა და მინდა, ასე იყოს, დაიწყება იმ დანარჩენი საქმეების გამოძიება და დროულად დასრულება, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ. ეს არის გახმაურებული საქმეები. მინდა, მადლობა გადავუხადო მოსამართლე მგელიაშვილს, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოვთქვი ჩემი პრეტენზიები. მან გუშინ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. რა მუხლებითაც იყვნენ ბრალდებულები, ნამდვილად უმაღლესი სასჯელი მიუყენა მათ.
ჩემთვის მთავარი იყო საზოგადოება დარწმუნებულიყო იმაში, რომ ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. დამნაშავეებს უნდოდათ ეს ყველაფერი იმ ბიჭებისთვის გადაებრალებინათ, რომლებიც ბანდიტებად გამოაცხადეს. ამ ბავშვების უდანაშაულობა რომ დამტკიცდა, ეს იყო მნიშვნელოვანი. ამით არ დასრულებულა ეს საქმე. სახელმწიფოში იყო დამკვიდრებული ბოროტი სისტემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. ამ საქმეში მთლიანი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული თავის მაღალჩინოსნებით. უკვე დაწყებულია მეორე – მაღალჩინოსნების საქმე, რომელშიც შედიან, როგორც ოქრუაშვილი, ასევე სხვა მაღალჩინოსნები, ანუ ვინც გასცა ბრძანება.
ვფიქრობ, რომ იმ პატრულების საკითხიც დადგება, რომლებიც კადრებში ჩანან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.
მე გუშინ მოვითხოვე ბატონი გახარიასგან, რომ აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ პატრულებით და ისინი არ უნდა მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურებში. ისინი დღესაც განაგრძობენ მუშაობას და ზოგიერთი დაწინაურებულიც არის”, – განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, მაშინ ოქრუაშვილი იყო მინისტრი და ახლა ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს.
„როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთად გასცეს ბრძანება, რომ პატრული არაფრით არ უნდა დაზარალებულიყო და პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო, რადგან სააკაშვილის საამაყო რეფორმა იყო სწორედ პატრული“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი დამნაშავე არის მიხეილ სააკაშვილი.
„პირველივე დღიდან ყველაზე დიდ დამნაშავედ მიხეილ სააკაშვილი მიმაჩნია, რადგან მან გასცა ბრძანება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ. ის არის თავი ყველა იმ უბედურების, რაც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა და დღემდე გრძელდება. ის არის ყველა გეგმის ავტორი. დღესაც კარგად ვისმენდით, როგორ მოუწოდებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ის არის ძალიან დიდი ბოროტება, მან შექმნა ის სისტემა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
უფრო კონკრეტულად: გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით; დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით; ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა; ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
„2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით გააჩერა „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ამირან (ბუტა) რობაქიძე, კ.ა., გ.ქ., ა.ბ.,, ი.მ. და ლ.დ. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები, მათ შორის ბუტა რობაქიძე, გადავიდნენ ავტომანქანიდან. პატრულის თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ავტომანქანიდან გადმოსული პირები, გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი. რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის სხვა დამხმარე ეკიპაჟი – გ.ბ.-სა და ლ.ბ.-ს შემადგენლობით და დაიწყეს ავტომანქანიდან გადმოსულ პირთა ჩხრეკა და დაკავება. თუმცა, რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს არ აღმოაჩნდათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავების მიმდინარეობისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ერთჯერადი, გაუფრთხილებელი გასროლა და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა იქვე მდგომი, ხელებაწეული ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა“, – წერია პროკურატურის ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები