არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
არქიტექტორთა სერტიფიცირების საკითხების რეგულირების შესახებ იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე.
ქალაქ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ნათია ლატარიამ არქიტექტორთა სერტიფიცირების კონცეფცია წარმოადგინეს. დოკუმენტი მოიცავს არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის პროფესიონალიზმის შეფასებისა და აღიარების კრიტერიუმებს, სერტიფიკატის სახეებს, სერტიფიცირების პროცესს სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.
დედაქალაქის მერიის პოზიციაა, რომ ეს საკითხი თბილისის ფარგლებში მოწესრიგდეს, თუმცა არქიტექტურული კავშირის მოსაზრებით, არქიტექტორთა სერტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. რადგან მანამდე, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შეიქმნება ცენტრალური საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მართავს და გააკონტროლებს ამ პროცესს, სწორედ მერიაა პასუხისმგებელი პროცესების სწორად წარმართვაზე.
სხდომაზე ერთხმად ითქვა, რომ დარეგულირებას და მოწესრიგებას საჭიროებს იმ სუბიექტების უფლებები, მოვალეობები და სახელმწიფოსთან სამართლებრივი ურთიერთობა, რომლებიც არქიტექტურულ საქმიანობას ახორციელებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტთან არსებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში არაერთი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წარმომადგენლები, მშენებლები და ექსპერტები, წარმოდგენილ დოკუმენტზე მსჯელობისას რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხერხდა მხარეებს შორის შეთანხმება. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ისინი მზად არიან გაითვალისწინონ და გამოიყენონ არქიტექტორების, ინჟინერთა საზოგადოებისა და დარგის ექსპერტების გამოცდილება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, არქიტექტურული საქმიანობის შესახებ დიდი ხანია მუშაობს პროფესიული საზოგადოება.
„წინასწარი განხილვისთვის რაც იყო საჭირო ინფორმაცია მივიღეთ და მხარეებს შორის კომუნიკაციაც შედგა. პროცესი იმ დონემდეა მისული, რომ უკვე შესაძლებელია თავად ინიციატივაზე, იმ ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელოთ რა როგორ გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები