ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის მექანიზმის ამოქმედების გადავადების საკითხს ეხმაურება

“2014 წლიდან დღემდე სახალხო დამცველის აპარატმა 68 საქმე განიხილა, სადაც მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობას”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ყველა ამ შემთხვევაში სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა სამწუხაროდ, არცერთ საქმეში შესაძლო დამნაშავე პირის იდენტიფიცირება არ მოხდა.
“საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად საქმიანობს არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით, რომლის აუცილებელი წინაპირობაა ყველა შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის ეფექტიანი გამოძიება. ზემოაღნიშნული არაეფექტიანი გამოძიების და სხვა მიზეზების გამო, საქართველოს სახალხო დამცველი წლებია ითხოვს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც იქმნებოდა სპეციალური საგამოძიებო ორგანო, რომელმაც უნდა გამოიძიოს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. სამსახური უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი არ არის პრობლემის სრულყოფილად მოგვარების საშუალება, სახალხო დამცველი მის მიღებას წინ გადადგმული ნაბიჯად აფასებს.
2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა კანონის პროექტი, რომლითაც ხდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების გადავადება. გადავადების ერთადერთ მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო თანხების გამოყოფის აუცილებლობა. აღნიშნულის მიუხედავად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოხდა ამ თანხის გამოყოფა 2018 წელს, როცა აღნიშნულისთვის საკმარისზე მეტი დრო იყო. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო სახსრები გამოეყოთ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებების გზით, ისე სარეზერვო სახსრებიდან.
ასევე, აღსანიშნავია, რომ „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშიც არ განხორციელებულა შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, როგორც ამას „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ საქართველოს კანონის“ გარდამავალი დებულება მოითხოვს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროული ამოქმედება უსწრაფესად განსახორციელებელი რეფორმაა საქართველოში ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად. დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებას და მისი დროული შექმნა ევროპული ინტეგრაციისთვისაც აუცილებელი საკითხია. ნებისმიერი ბარიერი და დაბრკოლება ამ მიმართულებით სწრაფ გამოსწორებას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველი გამოითხოვს ინფორმაციას ყველა საჯარო უწყებიდან და საკითხს დამატებით შეისწავლის”, – ნათქვამია აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები