პარლამენტში, არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე იმსჯელეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურისკომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა წარმოადგინა.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1561 მუხლი „პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა“, რომლითაც ასეთი ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 200 ლარით. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
კანონპროექტის ძირითადი არსია განამტკიცოს პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინასახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც მოიცავს ვაკანსიის შესახებ განცხადებისგამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით.
კანონპროექტით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია კანდიდატს პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დებულებების თაობაზე.
კანონპროექტი ასევე შეეხება პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის მიზნით სოციალური დიალოგის განვითარებასა და ხელშეწყობას ყველა დონეზე.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების თაობაზე 2000 წლის 29 ივნისის ევროსაბჭოს 2000/43/EC დირექტივისა და დასაქმებისა დაშრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივის მოთხოვნებს.
ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და/ან რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრითმიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისშეტანის შესახებ“.
კანონპროექტი ითვალისწინებდა სესხის ლარში გაცემის 100 000 ლარიანი ზღვარის 200 000 ლარამდე გაზრდას, რაც გავრცელდებოდა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. ასევე, ლიზინგით საგნის გაცემას შეეხებოდა მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, გათვალისწინებული იქნა მეორე მოსმენის დროს ლიზინგთან მიმართებაში გამოთქმული შენიშვნები და კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ლიზინგის თემა აღარ არის დაკავშირებული სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთთან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
სხდომაზე, ასევე მესამე მოსმენისთვის იქნა განხილული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტის მიზანია „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ სრული ადაპტირება საქართველოს კანონმდებლობაში, რაც განაპირობებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი 235(1) მუხლის დამატებას და არსებულ 406-ე მუხლში ცვლილებების შეტანას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ, ახალი რეგლამენტის შესაბამისი მუხლის თანახმად, დააყენა საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოწვევის შესახებ დეპუტატების რამდენი მეკითხვაზე პასუხის გასაცემად.
„ჩვენი ფრაქცია მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რათა მან პასუხი გასცეს დეპუტატთა კითხვებს შემდეგ თემებზე. სულ არის ხუთი საკითხი. პირველი, ეს არის 2017წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულება. მეორე გახლავთ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლისდირექტორის, ია კერზაიას მიმართ განხორცილებული სავარაუდო ზეწოლის გამოძიება. მესამე გახლავთ 2108 წლის არჩევნების დროს გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების გამოძიება. მეოთხე გახლავთ 2018წლის არჩევნების პერიოდში ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების სასტიკი ცემის გამოძიება, აგრეთვე აღნიშნულ ქმედებაში საქართველოს პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის სავარაუდო მონაწილეობა და ბოლო საკითხია 2108წლის 16 დეკემბერს კახეთის რეგიონში მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციების უფლების შეზღუდვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების გამოძიება“, – განაცხადა ოთარკახიძემ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ჩამოთვლილი ხუთი საკითხიდან, მესამე საკითხი ზოგადია და რეგლამენტის თანახმად ის მოითხოვს დაზუსტებას. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული საკითხი დაკონკრეტდება წერილში და ისე იქნება წარმოდგენილი, წერილი გადაეგზავნება შინაგან საქმეთა მინისტრს და მოხდება მინისტრის კომიტეტზე მოსვლის დროის შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები