ია მეტრეველი: დღეიდან საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იწყება

„დღეიდან საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იწყება“, – ამის შესახებ გარდაცვლილის ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა მოსამართლის განაჩენის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ია მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი მოსამართლის ასეთ გადაწყეტილებას ელოდებოდა.
„ნამდვილად ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს. ამათ მინდა ვუთხრა აქ წივილ-კივილი რომ მოაწყვეს. ნეტავი ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს და 5 წელი დაველოდები. ამდენი ხანია სამართალს ველოდებოდით, დღეიდან საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იწყება“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულებს დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ. ირაკლი ფირცხალავა სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის თქმით, სასამართლომ გააანალიზა მტკიცებულებები და მივიდა იმ აზრამდე, რომ ბრალდების მხარემ დაადასტურა ბრალდება.
„განაჩენში დეტალურად იქნება აღწერილი ყველა მტკიცებულება. ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია სსკ-ის 332-ე მუხლით და განესაზღვრა 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
გურამ დონაძე დამნაშავედაა ცნობილი 332-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზურაბ მიქაძე – 5 წლითა და 3 თვით“, – განაცხადა მოსამართლემ.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა განესაზღვრა. ზაზა ბაქრაძემ საქმეზე ბრალი აღიარა.
შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს, რომლებსაც უფლებამოსილების გადამეტება ედებოდათ ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთ წელზე მეტია, განიხილებოდა.
ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები