ნუკრი ქანთარია: დემოკრატია “ნინიას ბაღი” არ არის

„ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობს დემოკრატიულ ღირებულებებზე. როცა ოპოზიციაშია, დემოკრატია მას ჰგონია, რომ “ნინიას ბაღია”. არ არის დემოკრატია ნინიას ბაღი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნუკრი ქანთარიას თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს „ნაციონალური მოძრაობას“ სურდა, ამ ღონისძიებისთვის ჩრდილი მიეყენებინა.
„დავარქვათ სახელები, ეს არ არის გაერთიანებული ოპოზიცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე, ერთკაციანი პარტიის თავმჯდომარე, მათთან მიტმასნილი. „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობს დემოკრატიულ ღირებულებებზე. როცა ოპოზიციაშია, მაშინ დემოკრატია მას ჰგონია, რომ ნინიას ბაღია, არ არის დემოკრატია ნინიას ბაღი. როცა ხელისუფლებაში იყო, მაშინ 26 მაისი და 7 ნოემბერი ეგონა, რომ დემოკრატიის დაცვაა.
გუშინწინ რა უნდოდათ მათ?! უმნიშვნელოვანესი დღე იყო, პირველი ქალი პრეზიდენტი, ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, იწყება ახალი ეპოქა, საპარლამენტო წყობაზე გადასვლა. მათი ამოცანა იყო, ჩასულიყვნენ თელავში და ჩრდილი მიეყენებინათ ამ ღონისძიებისთვის. შეკრებილიყვნენ, ალბათ, გალავნის მისადგომებთან, თავიანთი სკანდირებით იქ ყიჟინა დაეცათ და შეეცვალათ სურათი. შემდეგ, როცა სამართალდამცველებმა არ მისცეს ამის საშუალება და მიუთითეს სხვა გზით წასულიყვნენ, მათთვის გამოყოფილი ადგილი დაეკავებინათ თელავში, აღმოჩნდა, რომ მათ ეს არ უნდოდათ. ისინი შეგნებულად წავიდნენ პროვოკაციებზე. უნდოდათ სურათის შექმნა: პოლიცია როგორ ურტყამს ხალხს, რა დღეში აგდებს. გამოვიდა პირიქით – ყველამ დავინახეთ, შემხტარი კირკიტაძე პოლიციელს როგორ აყენებდა შეურაცხყოფას და თუ არ ვცდები, 10-მდე პოლიციელი არის დაზარალებული. მინდა, მადლობა ვუთხრა გიორგი გახარიას, ყველა პოლიციელს. აქ პასუხისმგებელი პირები უნდა გამოიკვეთონ. არ მგონია, რომ კირკიტაძეზე უნდა გაჩერდეს საქმე.
აანონსებენ აქციებს, ეს მათი უფლებაა. უნდა იცოდნენ, რომ ყოველ დარღვევაზე ისინი აგებენ პასუხს“, – განაცხადა ქანთარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები