“დღევანდელი პოლიციის შედარება, ვფიქრობ, აბსოლუტურად უადგილოა“ – ანჯაფარიძე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

2003 წლის პოლიციის და დღევანდელი პოლიციის შედარება, ვფიქრობ, აბსოლუტურად უადგილოა, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პოლიციასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხეში მომხდარი მოვლენები შეაფასა.
„2003 წლის კადრები გამახსენდა, როგორ კეტავდნენ კახეთიდან თბილისში მომავალ გზას, ზუსტად ასეთი კორუმპირებული, თავზენამუსაღებული, თავზეხელაღებული ე.წ. პოლიციელები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„რა თქმა უნდა, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებას ან პოლიტიკურ ძალებს აქვთ პროტესტის გამოხატვის სრული თავისუფლება, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში არ მოდის კანონთან. თქვენ ახსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნაში ინაუგურაციის პარალელურად იმართება აქციები. კი , რა თქმა უნდა, მაგრამ იმართება ისეთ ადგილებში, რომ ამან ინაუგურაციას ხელი არ შეუშალოს და ამით ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ოპოზიციას, რამდენადაც მახსოვს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესთავაზა ალტერნატიული ადგილი, რომ ჩაეტარებინათ აქცია, რაზეც უარი თქვეს, ამან კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მათ სურდათ აქციის ჩატარება უშუალოდ ინაუგურაციის ადგილის სიახლოვეს და ამით ერთგვარი დისონანსის შეტანა ამ პროცესში.
ახსენეთ პარალელები 2003 წლის მოვლენებთან, მაშინდელი პოლიციის და დღევანდელი პოლიციის შედარება, ვფიქრობ, არის აბსოლუტურად უადგილო. პოლიცია ასრულებდა თავის მოვალეობას. დეტალებში არ ვარ ჩახედული, რა კომუნიკაცია იყო მანამდე შსს-სა და ოპოზიციას შორის. როგორც სახალხო დამცველი ამბობს, როგორც ისინი ამტკიცებენ, მათ წინასწარ არავინ შეატყობინა ამ მარშრუტის ჩაკეტვის თაობაზე, მაგრამ მოვისმინე საპატრულო პოლიციის უფროსის კომენტარი, რომ მათ ჰყავდათ გამზადებული ტრანსპორტი იმისათვის, რომ იქ უზრუნველეყოთ ოპოზიციის წარმომადგენლების უსაფრთხო ჩაყვანა. მათ წაიყვანეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე, რომ მას ენახა ეს ყველაფერი. ასე რომ, ხელოვნურ ხელის შეშლაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები