“ახლა ყველანი რუსთაველზე” – სააკაშვილი მხარდამჭერებს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდებს

“​ახლა ყველანი რუსთაველზე”, – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” ჩართვაში დღეს კახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და  მოსახლეობას რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა.
როგორც ის “ფეისბუქზე” ჩართვაში ამბობს, გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულმა სიუჟეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები გაყალბდა.
ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამას პასუხი თბილისში უნდა გაეცეს და მოსახლეობას “მშვიდობიანი კონსოლიდაციისკენ” მოუწოდებს. “მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს მომხრეს და არამომხრეს, საქართველოს პატრიოტ ყველა მამულიშვილს სრული კონსოლიდაციისთვის, ეს ამათ არ უნდა შერჩეთ – ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა. ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა უნდა დათმოს საქართველოს ხელისუფლება. “მოვუწოდებ ხალხს, ეს ამათ არ უნდა შერჩეთ… ამ ბრძოლაში მე ვარ თქვენთან ერთად”, – ამბობს სააკაშვილი.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გურჯაანიდან თელავის მიმართულებით გზა ინაუგურაციასთან დაკავშირებით გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს კი, რომლებიც თბილისიდან მიდიოდნენ, თელავში ჩასვლა ყვარლის გზით შესთავაზეს, რაზეც მომიტინგეებმა უარი თქვეს. ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს და სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.​ ვითარება ჩუმლაყთან ამ დრომდე დაძაბულია. ამის პარალელურად, თელავში, “ბატონის სასახლეში” ინაუგურაცია გაიმართა, სადაც საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები