ადვოკატმა ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებისგან პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი განმარტა

ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების მხრიდან პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი განმარტა.
მისი განცხადებით, გამსახურდიების პროტესტის მიზანი არის არა პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რაც არა საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეუძლია, არამედ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს.
გიგუაშვილის თქმით, იმ ფორმატში შეხვედრას, რასაც პროკურატურა მათ სთავაზობს, აზრი არ აქვს.
„საქმის გამომძიებელთან და პროკურორთან, მე, როგორც ადვოკატს, ხშირი შეხვედრები მაქვს და მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ მქონია. რაც შეეხება კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს, საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან შეხვედრაზე ისინი უარს აცხადებენ, იქედან გამომდინარე, რომ ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენ გვჭირდება ამ საქმეზე პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეს პროტესტი არ უკავშირდება იმას, რომ ვინმე ჩვენ არ გვხვდება. პროტესტი არის იმის, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულფასოვნად. დარჩენილ ორ კვირაში შეუძლებელია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, თუ ყველამ ერთად არ იმუშვა. როგორც პროკურატურამ , ისე სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, თუ სახელმწიფო სისტემა ერთიანად იმუშავებს, პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება შესაძლებელი იქნება.
„ორ კვირაში პროკურატურამ და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად“, – განაცხადა გიგუაშვილმა.
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქართველოს პროკურატურის მისაღებში დღეს შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. 31 დეკემბერს კი საქმეს ხანდაზმულობის ვადა გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები