ჯონდი ბაღათურია: ჩვენ ვცდილობთ, საქართველოში არ დავუშვათ ეთნიკური და კულტურული გარემოს ცვლილება

ჩვენ ვცდილობთ, საქართველოში არ დავუშვათ ეთნიკური და კულტურული გარემოს ცვლილება, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაღათურიას თქმით, აქციებს, რომლითაც უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, „მოულოდნელად კარგი“ შედეგები აქვს. ბაღათურიას თქმით, ის ამ ეტაპზე იმის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუ რა შედეგებია ეს.
„კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო ჩვენი და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პროტესტის საფუძველი. ვინც არის მიწის პატრონი, ის არის იმ ქვეყნის პატრონი. ამიტომ, ჩვენ პრინციპულად და დაუშვებლად მიგვაჩნია ქართული მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ ვცდილობთ, საქართველოში არ დავუშვათ ეთნიკური და კულტურული გარემოს ცვლილება. საქართველო იმიტომ ჰქვია, რომ ქართველებია დომინანტი ერი. ვცდილობთ, საქართველოს სახელით დარჩეს საქართველოდ, ჩვენი საზოგადოება: ქართველები რუსები, ბერძნები, აფხაზები და ოსები… და ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, დარჩეს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონად, როგორც ეს დღეს არის. თუ ჩვენ დავუშვებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კომპაქტურ ჩასახლებებს, როგორც დღეს კეთდება მაგალითად კუმისში, საგურამოში, კახეთში, სადაც არაბული სოფლები შენდება, ინდოელები არიან ძალიან ატიურად, ირანელები ამ ბოლო დროს ასეთ კომპაქტურ ჩასახლებებს აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე, ალბათ, 8-10 წელიწადში ეთნიკური ბალანსი შეიცვლება ქართველები უმცირესობაში მოვექცევით, როგორც მოხდა სინგაპურში. დღეს იქ ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ 17 %-ია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს.
რაც შეეხება შედეგებს – ღვთის წყალობით, ხალხის დამსახურებით შედეგები არის მოულოდნელად კარგი, არ ველოდით ასეთ უპრეცედენტო შედეგებს, თუმცა რიცხვებზე საუბარი ჯერ არ მინდა, იმიტომ, რომ დღეს 18:00-საათამდე გრძელდება იმ შავი ხვრელის ვადა, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლომ. მაგრამ წინასწარი მონაცემები გვაქვს ძალიან კარგი. ამ შედეგზე გათვლა არ გვქონდა. გვინდა, ჩვენი ინფორმაციის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციები გადავამოწმოთ. 2 წყარო გვყავს, თავად იუსტიციის სამინისტროდან ერთ-ერთი საკმაოდ საქმეში ჩახედული მაღალი რანგის მოხელე, ასევე ეს ემთხვევა იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამშაბათს ან ოთხშაბათს გვექნება დოკუმენტური მასალა, რომელსაც გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა ბაღათურიამ.
ჯონდი ბაღათურია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ქართული მიწის ყიდვაზე რომ რიგი იდგეს, ქართული მიწის ფასი იქნებოდა არა თეთრები, როგორც ახლა არის, არამედ ეღირებოდა ძალიან ძვირი”.
„ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული, რომელსაც აქვს იმის ფუნქცია, რომ რაღაცა გაახმაუროს. რეალურად ახმოვანებს ხოლმე იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს, თუმცა ნაწილობრივ უნდა დავეთანხმო ამას. ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი მოთხოვნა არ არის ქართულ მიწაზე. სწორედ ეს არის ჩვენთვის შეშფოთების საგანი. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მძიმდება ღალატის ფასი, ქართული მიწების გაყიდვის. დღეს 11 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეზეა გასხვისებული 50 ათასი ჰექტარი მიწა, კიდევ იგეგმებოდა 250-300 მილიონის გაყიდვა ამ 9 დღეში. ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, არ დავუშვით ეს. აქედან დამუშავებულია მხოლოდ 10 ათასი ჰექტარი. 40 ათასი ჰექტარი უცხოელ, ე.წ ინვესტორს ინდოელს, თურქს, არაბს, ირანელს ნაყიდი აქვს და არ ამუშავებს. იმიტომ კი არ აქვს ნაყიდი, რომ ქართულ ეკონომიკაში ინვესტიცია ჩადოს, არამედ იმიტომ, რომ ჩამოსახლდეს.
თუ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე შემოდის და ინვესტიციას დებს ფაბრიკა-ქარხნის აშენებაში, ამის წინააღმდეგები არ ვართ. ჩვენ სასოფლო- სამეურნეო მიწების გაყიდვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიურად გადმოსახლების მოწინააღმდეგეები ვართ“, – განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებსაც გამოეხმაურა. დანელიას თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთრებაში არსებულ მიწებს არ ამუშავებენ, შესაძლოა, უძრავი ქონება ჩამოერთვათ.
„ოთარ დანელია ძალიან ღირსეულად მოიქცა, ჩვენი და საზოგადოების დიდი პატივისცემა დაიმსახურა, არამარტო თავისი ნამუსით, არამედ კვალიფიკაციით. ის არის ავტორი ორგანული კანონის, მიწის კოდექსის, სადაც უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა ის ნიუანსი, რომელიც ქართულ საზოგადოებას დაიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოჭრისაგან და კულტურული გარემოს, დავესესხები აშშ-ს პრეზიდენტს, ძალადობრივი ცვლილებისგან. ეს მომენტი მიწის კოდექსში გათვალისწინებული უნდა იქნას. ამ კანონმა უნდა დაარეგულიროს გამონაკლისი შემთხვევები, როდის შეიძლება მოხდეს მიწის რეგისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.
მომავალი კვირიდან აქტიურად ვიწყებთ ორგანულ კანონზე, მიწის კოდექსზე მუშაობას, მეცნიერთა ნაწილმა, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან, მოამზადეს თავის წინადადებები. გვინდა, ჩავერთოთ ამ კანონის განხილვაში.
მომავალ კვირას შეიქმნება თემატური კოალიცია, პარტიებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რომელიც უკვე დაიწყებს წინააღმდეგობის მოძრაობას გაეროს პაქტის ხელმოწერის შესახებ. ღალატის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა ხელისუფლების წევრთა ნაწილმა , ხელი მოაწერა ვალდებულებას, რომლის რატიფიკაცია ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მალე მოხდება და არ უნდა დავუშვათ. საქმე ეხება ემიგრაციის პაქტს, რომელიც გულისხმობს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ემიგრანტებისთვის კარიბჭის გახსნას და კვოტების გარეშე მათ ჩამოსხლებას საქართველოში. ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები