ნინო გოგუაძე: სასამართლომ დაადგინა, რომ ომის პერიოდში საქართველოს მიმდინარე სამხედრო მოქმედების დროს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია

“ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ განაცხადა.
 
მისი თქმით, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ომის პერიოდში მიმდინარე სამხედრო მოქმედების დროს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია.
“ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომის პერიოდში საქართველომ მათი უფლებები დაარღვია და მიუთითებდნენ სიცოცხლის, საკუთრების უფლების დარღვევაზე, წამების აკრძალვის დარღვევზე. სასამართლოს პასუხი არის, რომ ეს ჩივილები არის დაუსაბუთებელი და საქართველოს ომის პერიოდში მიმდინარე სამხედრო მოქმედების დროს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. ბუნებრივია, რომ დიდი მოლოდინი იყო ამ საქმის მიმართ. ევროპის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველო – რუსეთის ომის საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელობა აქვთ ასევე სხვა საქმეებზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხება. ეს საქმეები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშოისო სამართლის განვითარებაში“,- აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ გუშინ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე – „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქმეები ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჩივრებს ეხება, იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მოქმედებებმა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და მათი ქონება დაზიანდა ან განადგურდა.
ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები