მამუკა ბახტაძე მთის მოსახლეობას: თქვენ მთელი საქართველოს იმედი ხართ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს

„თქვენ მთელი საქართველოს იმედი ხართ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის მოსახლეობას საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში, სადაც საქართველოს მთავრობის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა.
მამუკ ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლებას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მთის და მთის ხალხის მიმართ.
მისივე თქმით, მთის მოსახლეობა უღალატო ხალხია, ასე იყო ისტორიულად, ასეა დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ.
„წელს პირველად ჩვენც ვუერთდებით ამ დღეს და იმედი მაქვს, ეს ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ საქართველოს ნახევარზე მეტი არის მთიანი.
ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთის და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად, ასეა დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, როდესაც მთის მოსახლეობას ვესაუბრები. იმედია არავინ არ მიწყენს, მაგრამ ისეთ რჩევას მიიღებ ხოლმე, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ მთელი საქართველოს იმედი ხართ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს. თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს თქვენი დიდი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ და აგრძელებთ წინაპრების ტრადიციებს და დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს. მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ დიდ სიმდიდრეს, შევინახოთ და დავიცვათ დაცარიელებისგან. ყველამ ვიცით, რა ძნელია მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება და ამიტომ თითოეული თქვენგანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენ გვინდა, ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ღირსეული პირობები შეგიქმნათ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ მთის განვითარება პრიორიტეტად გამოაცხადა.
„მოგეხსენებათ, მთა თავისი უნიკალურობითა და იქ მცხოვრები პატრიოტების წყალობით უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარებისა და წინსვლის გზაზე. სწორედ ამიტომ, მთის განვითარება საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომლითაც საშუალება მოგვეცა პირველი რიგის ამოცანები გადაგვეჭრა თქვენთვის. ეს ძირითადად არის ფულადი დახმარება, რომელიც ბევრ სეგმენტს მოიცავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ხელისუფლება მთის განვითარებისთვის ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები