ბიძინა გეგიძე: ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები კვლავ დარღვევებით მიმდინარეობს

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, თბილისში, ნინო ჟვანის ქუჩა №88-ის მიმდებარედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად მდინარე ვარაზისხევის ხეობაში ინერტული მასალის ჩაყრის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის თემა ეხებოდა შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ მიერ ჟვანიასა და ჯაფარიძის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ვარაზისხევის მარცხენა ფერდზე მიმდინარე მშენებლობისთვის მთის მოჭრის შედეგად ინერტული მასალის მდინარის ხეობაში ჩაყრის საკითხს, რომელსაც ფრაქცია მიმდინარე წლის აგვისტოდან სწავლობს.
„პროცესი დაიწყო მაშინ, როდესაც, როგორც ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს, მოსახლეობამ მომმართა. პირველ რიგში, ვისთანაც გვქონდა კითხვები, ეს იყო თბილისის მუნიციპალიტეტი, შემდეგ აკადემიურ წრეებს მივმართეთ, ყველაზე რესპექტაბელური წარმომადგენლობა იყო აკადემიური წრეებიდან, ერთად ვიმსჯელეთ გეოლოგებთან, ჰიდროლოგებთან. თბილისის მერის მხრიდან გაჟღერდა, რომ სრულფასოვანი კვლევა სანამ არ ჩატარდებოდა ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ, არ გაგრძელდებოდა არანაირი მშენებლობა და უნდა გამოცხადებულიყო მორატორიუმი ქაოტური მშენებლობების დასარეგულირებლად, თუმცა, ამის პარალელურად, ხდება საპირისპირო პროცესები. მდინარე ვარაზისხევში, ჭალის ამოვსება სწორედ ამ განცხადებების შემდეგ მოხდა. ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა: თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოცხადებულია ტენდერი, გამოვლენილია კომპანია, რომელსაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ ჩაატაროს საფუძვლიანი კვლევა ვარაზისხევის მარჯვენა და მარცხენა ფერდების, თუმცა, პარალელურ რეჟიმში, შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი“ აგრძელებს სამშენებლო სამუშაოებს. დავუშვათ, ჩატარებული კვლევის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ არ შეიძლება ამ ტერიტორიაზე მშენებლობა, მაშინ რა უნდა ქნას თბილისის მერიამ?! გამოდის, რომ მერია, ერთი მხრივ, აცხადებს ტენდერს, მეორე მხრივ კი გასცემს ნებართვებს. ეს პირდაპირ მიანიშნებს არაკომპეტენტურობაზე.
კომპეტენციის გარდა, სხვა კითხვებიც ჩნდება – ინერტული მასალის მდინარის ჭალაში ჩაყრის შემდეგ, კომპენსაციის სახით, შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპმა“ აიღო თავის თავზე მდინარის ჭალაში რეკრეაციული ზონის მოწყობის პასუხისმგებლობა. არის თუ არა ეს ყველაფერი სრულფასოვანი კომპენსაცია? ინერტული მასალის გამოტანისა და მდინარის ჭალის ნაცვლად, სხვა ადგილზე გადაყრის ხარჯი ბევრად მეტიც არის და მეტი დროც დასჭირდებოდა კომპანიას, რადგან ჟვანიას ქუჩის არასწორი დაგეგმარების გამო, ურთულესია მძიმე ტექნიკის მუშაობა. შესაბამისად, კომპანიას მის გამოსატანად შეიძლება 2 წელიც დასჭირვებოდა, მშენებლობა გაჩერებულიყო და უზარმაზარი ფინანსური ზარალი ენახა”,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
არსებული ვითარება შეაფასა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმაც.
„თბილისის მერია როდესაც გასცემს მშენებლობების ნებართვას, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმას ან მიწის სამშენებლო გამოყენების პირობებს როდესაც ამტკიცებს, ხშირად აგზავნის მასალებს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. სააგენტო წერს შესაბამის დასკვნას და უგზავნის რეკომენდაციებს თბილისის მერიას. შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ შემთხვევაში, ჩვენთან არანაირი დოკუმენტაცია არ შემოსულა და, შესაბამისად, ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილავს. აღნიშნულ ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ინფორმაციის შემოსვლისთანავე შესაბამისი ინსპექტორები წავიდიდნენ ადგილზე სიტუაციის შესასწავლად, რის შედეგადაც თბილისის მერის სახელზე მომზადდა წერილი, სადაც აღწერილი იყო ყველა ის კონსტრუქცია, რაც სამშენებლო მოედნის მიმდებარედ არის მოწყობილი. წერილში ასევე მითითებული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშრალი ხევი ამოვსებულია და განთავსებულია წყალგამტარი სისტემა, მაგრამ მერიიდან პასუხი მოვიდა, რომ ყველაფერი, რაც წერილში მივუთითეთ, აბსოლუტურად კანონიერად გაცემული ნებართვის ფარგლებშია მოქცეული. ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. ახლა ჩვენ რომ ჩავთვალოთ, რომ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა თავის დროზე არასწორად გასცა მშენებლობის ნებართვა, ჩვენ ერთი ადმინისტრაციული ორგანო მეორეს ვეღარ ვუჩივლებთ იმიტომ, რომ უკვე გავიდა გასაჩივრების ვადა“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ბიძინა გეგიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ ფრაქცია მუდმივ რეჟიმში მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ პროცესს, სანამ არ დადგება სამართლიანი შედეგი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლება გამოთქვეს მზაობა, რომ აქტიურად ჩაერთვებიან შეხვედრებში თბილისის მუნიციპალიტეტთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები