წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდება ვახტანგ ჭარაიას მიენიჭა

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდება ვახტანგ ჭარაიას მიენიჭა. ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ჭარაია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად იქნა დასახელებული.
ვახტანგ ჭარაია ამჟამად რამდენიმე ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენელია. კერძოდ, ის გახლავთ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი; საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; ჰარვარის ბიზესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის აფილირებული ლექტორი; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონტრაქტორი; საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტიპენდიანტი; სკოპუსის ბაზაში შემავალი შვედური ჟურნალის Central Asia and the Caucasus თანარედაქტორი; ბრიტანული ორგანიზაცია International Alert-ის ექსპერტი-ეკონომისტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი და 3 სხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საქართველოში. ვახტანგ ჭარაია სისტემატიურად კითხულობს ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ატარებს ტრენინგებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
ვახტანგ ჭარაიას სხვადასხვა დროს უსწავლია და სტაჟირება გაუვლია შემდეგ დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ანგარიშებისა და ფინანსების სახელმწიფო ინსტიტუტში (ინდოეთი), პასაუს და ბრემენის უნივერსიტეტებში (გერმანია), პეტერბურგის ევროპულ უნივერსიტეტში (რუსეთი), ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ჩინეთი); ჯორჯ ვაშინგტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში (აშშ).
მას მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში. მის ანგარიშზეა ევროკავშირის, ცალკეული სახელმწიფოებისა და ათეულობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები, სტიპენდიები, ჯილდოები და მადლობის წერილები. ვახტანგ ჭარაიას სხვადასხვა ენებზე გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ჟურნალებში, არის 2 მონოგრაფიის ავტორი. ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური ეკონომიკური საკითხების ანალიზში, რის გამოც მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო დონის ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები