რომან კაკულია: დასახვეწია თავად კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი და პროცედურული ნორმები

კონკურენციის თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკა საქართველოში ეფუძნება თავისუფალ ბაზარს,-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.
რომან კაკულიამ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში კონკურენციის მნიშვნელობაზე, კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების დახვეწის საჭიროებაზე და კანონმდებლობაში ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე.
მისი მტკიცებით, ბევრი მიმართულებით არის დასახვეწი კანონმდებლობა.
“კერძოდ დასახვეწია თავად კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი, პროცედურული ნორმები და სხვა.
თუნდაც ის, რომ არსებობს სახელმწიფო, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ისეთი სუბიექტებიც, რომელსაც არ მოიცავს კანონმდებლობა.
ასევე არასრულყოფილია ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის განხორციელება, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მათზე რეაგირების საკითხები.
ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა შეიცავს ხარვეზებს“,-აღნიშნა კაკულიამ.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კონკურენციის კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე ასევე იმსჯელეს დეპუტატებმა და ექსპერტებმა.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს აღნიშნულ საკითხებზე, იმსჯელეს როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ მთავრობასთან ერთად მოხდეს კანონმდებლობის სრულყოფა.
შეხვედრაში, რომელიც გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (GIZ), მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები – დავით ჭიჭინაძე და გიორგი ფერაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი – ვინსენტ რეი, ექსპერტები და სპეციალისტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები