ქართულ-გერმანული ურთიერთობების კვალდაკვალ

“საქართველო ვირუსივითაა, რომელიც თუ შეგეყარა, ვეღარ მოიშორებ!”
(რაინერ ეტცინგერი)

ყველაფერი ცივი ომის დროს დაიწყო. გერმანიის სამხრეთში, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე მდებარე ქალაქი – ბიბერახი და გომბორის კალთის ქვეშ ჩაფლული, პატარა კახის ქალაქად წოდებული თელავი დამეგობრდნენ. პარტნიორობა და ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლა განსაკუთრებით ინტენსიური 1987 წლიდან გახდა. სახანძრო-სამაშველო თანამშრომლების გადამზადება თელავში, ნარჩენების გადამუშავების საკითხზე მუშაობა, განათლების სისტემის ხელშეწყობა, გაცვლითი პროგრამები, მე-9 საჯარო გერმანული სკოლის ტექნიკით უზრუნველყოფა, კულტურული თანამშრომლობა – ამ ყველაფრის უკან სწორედ ეს ერთი პატარა გერმანული ქალაქი, ბიბერახი დგას.
მარიანე ტრაპი თელავის გერმანულ სკოლასა და ბიბერახის “გებჰარდ-მიულერის გიმნაზიას” შორის გაცვლითი პროგრამების ორგანიზატორია. უკვე 10 წელია, რაც, თითქმის ყოველ ზაფხულს, 6 საუკეთესო მოსწავლე იგზავნება თელავიდან ბიბერახში და, პირიქით, 6 გერმანელი სტუმრობს ცოტა ხნით საქართველოს.

,,დიდი სურვილი გვაქვს, მოსწავლეთა რიცხვი გავზარდოთ, მაგრამ ფინანსურად ეს სამწუხაროდ შეუძლებელია’’, – ამბობს მარიანე ტრაპი.

რატომ არის ეს პროგრამა ასეთი მნიშვნელოვანი ქართველი მოსწავლეებისთვის?
– ამ პროგრამის ფარგლებში ქართველ მოსწავლეებს შეუძლიათ, ახლოდან გაეცნონ გერმანული განათლების სისტემას, მეტი გაიგონ დუალური პროფესიული განათლების შესახებ, რაც ჩვენთან ასეთი პოპულარულია, იცხოვრონ გერმანულ მასპინძელ ოჯახში, გაიუმჯობესონ უცხო გარემოსთან ადაპტაციის უნარი, გერმანული ენის ცოდნა. მათ ურთიერთობა აქვთ არამხოლოდ გერმანელებთან, არამედ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთანაც და ასე უფრო მეტად ტოლერანტები ხდებიან.

ბოლო 10 წლის განმავლობაში რაიმე სირთულეებს თუ გადააწყდით გაცვლითი პროგრამის მიმდინარეობისას?
– არ დაგიმალავთ და ქართველ მოსწავლეებს ძალიან უჭირთ სკოლაში პუნქტუალურად მოსვლა, 09:00 საათი მათთვის 09:00 კი არ არის, არამედ 09:05 ან 09:10. დილით ადრე ადგომაც პრობლემატურია მათთვის და ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ჩვენთან გიმნაზიებში ადრე ვიწყებთ სწავლას, ამიტომ 05:30 საათზე მაინც უნდა ადგეს მოსწავლე, რათა გამზადება მოასწროს. ჩვენი მოსწავლეებისთვის კი თავიდან უცნაური იყო გამუდმებით ელექტროენერგიის გათიშვა, მაგრამ ქართული ოჯახები ყოველთვის გულითადად მასპინძლობდნენ მათ და ისინი ყოველთვის კმაყოფილები ბრუნდებოდნენ.

საქართველოში დღეს 10-ზე მეტი DSD (Deutsches Sprachdiplom) სკოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული ამ სკოლებში გაძლიერებულად ისწავლება და მოსწავლეები გერმანული ენის სერთიფიკატსაც უფასოდ იღებენ. ერთ-ერთი ასეთია თელავის მე-9 საჯარო სკოლაც. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სკოლების არსებობა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებისთვის და რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული?
– ვფიქრობ, DSD სკოლების როლი ამ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებაში ძალიან დიდია. ქართველი მოსწავლეები უმეტესად მე-3 კლასიდანვე ეზიარებიან გერმანულ კულტურას: ენას, ადათ-წესებს, ლიტერატურას.. ეს ძალიან კარგი ასაკია უცხო ენის ასათვისებლად. ასეთი სკოლების კურსდამთავრებული უფრო მოთხოვნადია სამუშაო ბაზარზე, მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ სწავლა ჩვენთან გააგრძელონ და შემდეგ ეს ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენონ. გერმანია გულუხვია, როცა საქმე სტიპენდიებსა და ნიჭიერი ადამიანების ფინანსურ დახმარებას ეხება. ასე რომ, რატომაც არა?

როგორი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველომ თქვენზე?
– დიდი ხანია, საქართველოს ვაკვირდები, ყოველ ჯერზე, როცა ჩამოვდივარ, ქვეყანა კიდევ უფრო ევროპული მეჩვენება. მიუხედავად რუსეთთან ცუდი ურთიერთობებისა, საქართველო ძალებს არ იშურებს, რომ განვითარდეს და ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მე მჯერა მისი.
როგორც ქალაქ ბიბერახის საბჭოს წევრმა, რაინერ ეტცინგერმა ერთხელ მითხრა, ,,საქართველო ვირუსივითაა, რომელიც თუ შეგეყარა, ვეღარ მოიშორებ, გამუდმებით უკან დაბრუნებაზე იოცნებებ.’’

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მესამე კურსის სტუდენტი ვიკა მირიანაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები