ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ინგუშეთში თამარ მეფის საფლავის არსებობას გამორიცხავს
ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ინგუშეთში თამარ მეფის საფლავის არსებობას გამორიცხავს. მისი განცხადებით, თამარ მეფის თანამედროვე ისტორიკოსები წერენ, რომ თამარი გელათშია დაკრძალული და მას ამაში თავადაც ეჭვი არ ეპარება.
“არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს. რა უნდა ინგუშეთში თამარ მეფის საფლავს?! მართალია ჩრდილოეთ კავკასია მაშინ საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში იმყოფებოდა, მაგრამ რატომ უნდა დაესვენებინათ ინგუშეთში?! რაც მთავარია სამმა ისტორიკოსმა, რომელთაგან ორი თამარ მეფის თანამედროვეა, ხოლო ერთი თამარის შვილის, ლაშა-გიორგის, დაწერა ერთი და იგივე, რომ თამარი დაკრძალულია გელათში. ეჭვი არ მეპარება, რომ თამარ მეფე გელათშია დაკრძალული”, – განაცხადა მარიკა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინგუშეთში ავტოსაგზაო ბრიგადის მუშებმა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, უძველესი გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ალანიის დედაქალაქის ძვირფასეულობაა დამალული ან თამარ მეფის სავარაუდო საფლავია. ამის შესახებ კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ უმალატ გადიევმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.
“გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული. მსგავსი გამოქვაბულები ინგუშეთში ადრეც არაერთხელ აღმოუჩენიათ. ისინი IX-XIV საუკუნეებით თარიღდება”, – აღნიშნა გადიევმა.
მისი თქმით, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ აღმოჩენილი გამოქვაბული თამარ მეფის საფლავი იყოს. ასევე, არ არის გამორიცხული, ასეთივე გამოქვაბულში იყოს დამალული ალანიის დედაქალაქის, მაგასას ძვირფასეულობა. გადიევის განცხადებით, ამის შესახებ დადასტურებულად რაიმეს თქმა შეუძლებელია, სერიოზული მუშაობა კი ჯერ არ დაწყებულა. ადგილი უკვე მოინახულა ინგუშეთის პირველმა პირმა, რომელმაც ადგილის დაცვის შესახებ განკარგულება გასცა.