„ქვეყნის სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოში ტერორიზმის გავლენა შეფასებულია, როგორც “ძალიან დაბალი”

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პოზიციები 12 პუნქტით გაუმჯობესდა, “კავკასიის ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ცალსახად დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული 2012 წლის შემდეგ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგია.
“ეს არის ძალიან კარგი შედეგი. ეს მონაცემები დამსახურებაა იმ სწორი პოლიტიკისა, რომელიც ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით გატარდა. სწორად მუშაობენ სპეცსამსახურები და მე ვიტყოდი, სწორად ვმუშაობთ ჩვენც, ჩვენი ორგანიზაცია როგორც კავკასიის ფარგლებს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს შედეგი ასევე დამსახურებაა ჩვენი რიგითი მოქალაქეებისაც, რომლებიც ფხიზლად არიან. მე ვფიქრობ, თუ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, თუ შეგვეძლება, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული უახლოესი ტექნოლოგიები დაინერგოს, როგორიც არის უნიკალური სათვალთვალო კამერები და დრონები, ეს შედეგი კიდევ უფრო სახარბიელო იქნება. მოგეხსენებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც აზიაში ისე ევროპაში უსაფრთხოების ბიუჯეტი ათჯერ და ოცჯერ გაზარდეს. ჩვენ კი იმ პირობებში დავწინაურდით, როცა ამ კუთხით არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ იქნება ფუფუნება იმისა, რომ უსაფრთხოების ბიუჯეტი გაიზარდოს, დამონტაჟდეს ბევრი თანამედროვე სისტემის ტექნიკა, საქართველო პოზიციას კიდევ უფრო გაიუმჯობესებს“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს პოზიციები 12 პუნქტით გაუმჯობესდა. 163 ქვეყანას შორის საქართველო 89-ე ადგილს იკავებს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ტერორიზმის გავლენა შეფასებულია, როგორც „ძალიან დაბალი“.
ტერორიზმის გლობალური ინდექსის ანგარიშები 2012 წლიდან ქვეყნდება.
პირველ ექვს ადგილს იკავებს და, შესაბამისად, ტერორიზმის გავლენით შეფასებულია როგორც „ყველაზე მაღალი“: ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, სირია, პაკისტანი და სომალი.
ქვეყნისათვის მინიჭებული ქულა და ადგილი ინდექსში განისაზღვრება წლის განმავლობაში მოწყობილი ტერაქტების რაოდენობით, მსხვერპლის რაოდენობით, დაშავებულთა რაოდენობით, მატერიალური ზარალის მოცულობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები