ლევან იზორია: ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული

0

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის რეფორმების შემაჯამებელ გამოსვლაში ტოტალური თავდაცვის სისტემის ამოქმედების ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა პროექტი განიხილა.
მათ შორის რეზერვის ახალი სისტემა და პროექტი „ჩვენი ჯარი“.
„ტოტალური თავდაცვის სისტემის დამკვიდრებისთვის და რეალიზებისათვის ჩვენ, როგორც უწყებათაშორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ისე საზოგადოების ჩართულობის მაღალ ხარისხსაც უზრუნველვყოფთ”,- განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით წელს საპილოტე პროექტის სახით ახალი რეზერვის სისტემა შეიქმნა, რომელიც ერთი თვის წინ ამოქმედდა. ასევე იგეგმება 10 წლის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა, სადაც რეზერვის ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განვითარება აისახება.
“წელს ტოტალური თავდაცვის პრინციპის ფარგლებში ახალი ინიციატივა დავიწყეთ, როგორიცაა პროექტი „ჩვენი ჯარი“. ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერება სწორედ განათლებით, აღზრდით იწყება. გავეცანით რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ოფიცრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის შეიარაღებული ძალები გვაქვს, რატომ ისწრაფვის ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა. წლის დასაწყისში, I ეტაპზე, ჩვენ 263 სკოლა მოვიცავით. II ეტაპი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოიცავს 383 სკოლას. I ეტაპზე 15 000 მოსწავლე იყო ჩართული, ხოლო II ეტაპზე 20 000-მდე მოსწავლე. ამ გამოცდილების საფუძველზე მომავალ წელს საპილოტე პროექტის სახით ვგეგმავთ დავიწყოთ არჩევითი საგანი – „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ერთადერთი ამ სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მოზარდ თაობაში საფრთხეების იდენტიფიცირება, პასუხისმგებლობის გაძლიერება, პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება გახლავთ. რასაკვირველია, როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობთ ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გვქონდა არის ერთ-ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ შეიძლება საფრთხის რეალიზება და ეს სახელმძღვანელოში ინფორმაციის სახით ერთ-ერთი კომპონენტი იქნება“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი