ბიზნესომბუდსმენი: აჭარაში ბიზნესის მხრიდან დასმულ თემებს შორის ყველაზე ხშირია სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები

0

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად, ბათუმში საშუალო და მცირე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც“კვირას“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს.
ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ ბიზნესომბუდსმენისა და შემოსავლების სამსახურის მიერ რეგიონში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოესმინათ.
„ჩვენ დავიწყეთ მორიგი რეგიონული შეხვედრები ადგილობრივ ბიზენსთან და პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართა. ასევე დაგეგმილი ასეთივე შეხვედრები გავმართოთ ზუგდიდსა და ქუთაისში. რეიგონულ შეხვედრები იმართება USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით. შეხვედრებზე ბიზნესი სვამს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში მათთვის პრობლემურ საკითხებს და ჩვენ ვაცნობთ იმ მექანიზმებს, რითიც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტაში მათი მხარდაჭერა. აჭარაში სექტემბრიდან მუშაობს ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელი და ამ პერიოდში უკვე 30-მა მეწარმემ მიმართა დახმარებისთვის. აჭარაში ბიზნესის მხრიდან დასმულ თემებს შორის ყველაზე ხშირია სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეული პრობლემები, ნებართვებთან და საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს დროში სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ჩართული ვართ მედიაციაში, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ მთავრობასთან. თბილისის შემდეგ ბიზნეს აქტივობის მიხედვით ყველაზე აქტიური რეიგონია აჭარა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში მთელი მომართვიანობის 15% სწორედ ამ რეგიონზე მოდის.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები ბიზნესომბუდსმენის პორტალის, ზოგადი საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობის, გადასახადებისა და სახელმწიფო სერვისების დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი