სემენჩენკოს “ცესკოს” აკრედიტაცია „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ დაკავშირებულმა ქართულმა სააგენტომ მისცა – რა კავშირი აქვს რადას დეპუტატს სააკაშვილთან

უკრაინის უმაღლესი “რადას” დეპუტატმა და ბატალიონ „დონბასის“ მეთაურმა, სემიონ სემენჩენკომ, რომელიც საქართველოში სპეცოპერაციისას დაკავებულ შვიდ პირთან ერთად იყო, ქართულ მედიასთან განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
თუმცა, როგორც „კვირამ“ გაარკვია, ის არჩევნებს არა როგორც „რადას“ წარმომადგენლის ან პოლიტიკოსის სტატუსით, არამედ როგორც მედიის წარმომადგენელი აკვირდებოდა. დეპუტატს “ცესკოდან” შესაბამისი აკრედიტაციაც ჰქონდა გავლილი.

სემენჩენკომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია, საინფორმაციო სააგენტო CYC.GE -ს სახელით გაიარა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც დაუდასტურეს.  „კვირამ“, ასევე, გაარკვია, რომ ახალი ამბების სააგენტო CYC.GE “გაერთიანებულ ოპოზიციაში” შემავალი “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” კომიტეტის წევრ გიორგი გოგოლაძეს ეკუთვნის. ახალი ამბების ვებგვერდის დომენი 2017 წელს, სწორედ, მის სახელზეა რეგისტრირებული. რედაქციის ოფიციალურ მისამართად კი, რუსთაველის გამზირის №21-ია მითითებული, სადაც ედპ-ს პარტიის ამჟამინდელი ოფისი მდებარეობს. 

რაში დასჭირდა „რადას“ დეპუტატს საქართველოში მიმდინარე არჩევნების დროს მედიის აკრედიტაცია და რატომ გასცა ის ედპ-ს წევრის მიერ დაფუძნებულმა ახალი ამბების სააგენტომ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსისთვის?

„კვირამ“ ამ კითხვებით გიორგი გოგოლაძეს მიმართა. მან დაადასტურა, რომ ახალი ამბების სააგენტო “CYC.GE”-ს დამფუძნებელია, თუმცა დეტალებზე საუბარს თავი აარიდა, ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა.
„დიახ, მე საინფორმაციო სააგენტო „CYC.GE“-ს დამფუძნებელი ვარ, თუმცა სააგენტოს მართვის სისტემაში არ ვარ ჩართული, დავუკავშირდები ყველას, გავერკვევი ყველაფერში, განცხადებას გამოვაქვეყნებ და გაეცემა პასუხი ყველაფერს“, – განუცხადა „კვირას“ გოგოლაძემ.

მაინც, ვინ არის სემიონ სემენჩენკო და რა კავშირი აქვს ქართულ “გაერთიანებულ ოპოზიციასთან”?

ფაქტს, რომ სააკაშვილთან ადრეც და ახლაც თანამშრომლობდა, არცერთი მხარე უარყოფს, მეტიც, მედიისთვის ახლახანს გაკეთებულ კომენტარში “რადას” დეპუტატმა და ბატალიონ “დონბასის” ყოფილმა მეთაურმა დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტს პოლონეთში შეხვდა, თუმცა, კატეგორიულად უარყო, რომ მათ შეხვედრას ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებთან რაიმე კავშირი ჰქონდა. სემენჩენკომ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან კონსულტაცია ოპოზიციური „იუთუბარხის” შექმნის თაობაზე ჰქონდა.

“გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, თუ დეკემბერში პოლონეთში სააკაშვილს ნამდვილად შევხვდი. რაც შეეხება თემას, განვიხილავდით, რომ უკრაინაში ოპოზიციური “იუთუბარხის” შექმნა სურდა, სადაც მივიწვევდით ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომლებიც საინტერესოდ ისაუბრებდნენ, მაგალითად, ბაბიცკაიას”, – განაცხადა სემენჩენკომ.

თუმცა, სემენჩენკოს ეს განცხადება ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილისა და “დონბასის ბატალიონის” ყოფილი მეთაურის წარსულს, მათ საერთო „საქმიანობას“, რომელიც მხოლოდ “უკრაინული მაიდნების” თემას არა უკავშირდება.

ამასთან, უცნაურია და კითხვებს ბადებს ორი საკითხი:

პირველი, რატომ ვერ გაიხსენა სემენჩენკომ მისი და სააკაშვილის პოლონეთში შეხვედრის ზუსტი თვე (არ ახსოვდა ეს ოქტომბერი იყო, თუ დეკემბერი) ან რაში სჭირდებოდათ მათ „იუთუბის“ არხის შექმნის თემაზე პირადი შეხვედრის გამართვა უცხო ქვეყანაში, რატომ არ შეიძლებოდა ამ თემაზე კონსულტაცია ტელეფონით ან ელექტრონული მიმოწერით?

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია თავად ექსპრეზიდენტსაც – სააკაშვილი დუმს.

ასევე, უპასუხოდ რჩება რამდენიმე კითხვა:

დაემთხვა თუ არა უკრაინიდან საქართველოში „ტურისტული ვიზით“ ჩამოსული “დონბასის” 7 მებრძოლის ვიზიტი ‘ნაციონალური მოძრაობის” აქციის დღეს?

რატომ მოინახულა “რადას” დეპუტატმა თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე ბრალდებულები სასტუმროში?

თუკი ტურისტული ვიზით ჩამოვიდნენ, 3 დღის განმავლობაში რატომ არ ჩავიდა იგივე ლუკა ჩხეტია ზუგდიდში, მშობლების მოსანახულებლად, ან რატომ არ უთხრა, რომ საქართველოში იმყოფებოდა?

რატომ არ შეიძინეს ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ვიზით ჩამოსულებმა, უკრაინაში დასაბრუნებელი ბილეთები?

თუკი საქართველოს დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ, რატომ გამოიყენეს დუმილის უფლება და ვთქვათ, გამოძიებას არ უთხრეს, რა ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს?

კითხვები ბევრია, და ისინი თანაბრად არსებობს, როგორც სპეცოპერაციის დროს დაკავებულების, ისე “რადას” დეპუტატის მიმართ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ სემენჩენკოს პერსონას და იმას, რომ მის მიმართ დღესაც კი უკრაინაში უამრავი სამართლებრივი კითხვა არსებობს, ასევე, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და რომ არა დეპუტატის მანდატი, “რადას” დეპუტატი, ალბათ, გისოსებს მიღმა იქნებოდა.

და მაინც, რა ვიცით სემენჩენკოს შესახებ, ან რა უნდა ვიცოდეთ?

“რადას” დეპუტატის შესახებ ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია არსებობს და ცხადია, “დონბასის ბატალიონის” ყოფილი მეთაურის მიმართ ყველაზე მწვავე კრიტიკით უცხოური მედია გამოირჩევა. თუმცა, როგორც ჩანს, მას არც უკრაინაში წყალობენ – სემენჩენკოს სახელი დღესაც კი დაკავშირებულია არაერთ გამოუძიებელ მძიმე დანაშაულთან, აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან, რომელთა უმეტესობაც დღემდე არ არის ბოლომდე გამოძიებული…

ცნობილია, რომ “რადას” დეპუტატი სინამდვილეში კონსტანტინე გრიშინია, სემიონ სემენჩენკოს ფსევდონიმი კი მან 90-იანი წლების ბოლოს აირჩია. შეცვლილი პასპორტიც ახალი გვარ-სახელით მიიღო. “რადას” დეპუტატის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ იგი ყირიმის დედაქალაქ სევასტოპოლში 1974 წლის 6 ივნისს დაიბადა. მამა – რუსი, დედა კი უკრაინელი ჰყავს. დონბასში განვითარებული მოვლენების დროს, მისი ოჯახი, სწორედ, ყირიმში ცხოვრობდა. ისინი მხარს ყირიმის რუსეთთან შეერთებას უჭერდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, საომარი მოქმედების დროს, სემენჩენკო ოჯახის წევრებზე ძალიან ნერვიულობდა და მათ გამოსაყვანად იქ სპეციალური ბატალიონიც კი გაუგზავნია.

„ფაქტობრივად, მე ჩემს თავს სემიონ სემენჩენკოდ ვთვლი. მე ამ გვარ-სახელით გავიზარდე, ასეთი ვიქნები მომავალშიც. დიდი სისულელე იქნებოდა, რომ ჩემი ნამდვილი გვარ-სახელით მებრძოლა უკრაინაში“, – აცხადებს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სემენჩენკოს ბიოგრაფიიდან, ასევე, საინტერესოა ის, რომ მას უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული. “რადას” დეპუტატი უკრაინასა და მოსკოვში, სხვადასხვა დროს, ოთხ უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა არცერთი დიპლომი არ აუღია, რადგან ზოგიერთი სასწავლებელი თავად მიატოვა, ზოგ შემთხვევაში კი, სადიპლომო ნამუშევარი არ დაიცვა. სხვათა შორის, ერთხანს ის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტიც კი იყო.

ასევე, ცნობილია, რომ 2014 წლის აპრილში სემიონ სემენჩენკომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისგან არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება „დონბასის ბატალიონი“ ჩამოაყალიბა, რასაც მალევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ ბატალიონში გაერთიანებული სამხედრო პირების სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

ამავე წლის 29 ივნისს, „დონბასის ბატალიონის“ მეთაური კიევში ჩადის. ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაუქმებისა და საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან „მაიდნის“ მოწყობას გეგმავს.

ამ პერიოდში უცხოურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ აღნიშნული ბატალიონის მეთაური და მისი ქვეშევრდომები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. უცხოურ მედიაში კი იმასაც ამბობდნენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რითაც სემენჩენკოს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში მონაწილეობა დასტურდება.

ცნობილი ფაქტია, რომ სემიონ სემენჩენკო კიევში „უკრაინული მაიდნის“ ორჯერ მომწყობი იყო, ამ პერიოდში მას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ არაერთ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.

კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვა, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენება, 2015 წლის სექტემბერში დონბასის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრ კალაშნიკის უკანონო გატაცება (სასამართლომდე გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ, სემენჩენკო იყო), 2016 წელს მას ედავებოდნენ კრივოროჟსკის პოლიციის უფროსის ვალერი ლიურომზე თავდასხმის ორგანიზებასაც, სემენჩენკოს გვარმა გაიჟღერა 2017 წელს კიროვოგრადსკის რაიონში რეიდებისას განხორციელებული დარბევის ფაქტზეც,
როგორც უცხოური მედია იუწყება, “რადას” დეპუტატი ამ თავდასხმების უკანაც იდგა. მაშინ საავადმყოფოში, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის დიმიტროვის სახელობის საწარმოს დაცვის უფროსი სხეულის მრავლობითი დაზიანებით და გატეხილი თავის ქალით გადაიყვანეს და იმ პერიოდში”დონბასის ბატალიონის” ყოფილი მეთაურის სახლში სანქცირებული ჩხრეკაც ჩატარდა.

მსგავსი მძიმე დანაშაულებების ბრალდებები “დონბასის ბატალიონის” სხვა მეომრებსაც ჰქონდათ წაყენებული. მათ შორის, რამდენიმე წევრს ადანაშაულებდნენ დეგტიარენკოს ოჯახის გასაიდუმლოებულ მკვლელობაში. დანაშაული 2017 წელს “ველიკაია ნოვოსელოვკას” დასახლებაში მოხდა. საქმესთან დაკავშირებით შიდა ბატალიონის სამხედროები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩაიდინეს დანაშაული, რათა გაქცეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ნათესავების ქონებას დაუფლებოდნენ. უფრო ადრე, 2014 წლის პირველ სექტემბერს, უკრაინის პროკურატურამ სემენჩენკოზე ძებნაც გამოაცხადა. მას ადანაშაულებდნენ, რომ სამხედრო ჩინი – ვიცე-პოლკოვნიკის სტატუსი, არასამართლიანად მიიღო.

“რადას” დეპუტატი კომპანია „ახალი სატელიტური ტელევიზიის“ მფლობელიც იყო. მის მიმართ გაჟღერებული ერთ-ერთი ხმაურიანი ბრალდება, სწორედ ამ არხს უკავშირდება. „ახალ სატელიტურ ტელევიზიას“ უკრაინაში არაერთხელ უწოდეს „საეჭვო კანტორა“, რომელიც სახელმწიფო გადასახადებს არ იხდიდა. წლების წინ, არხის მრავალ აბონენტს ჰქონდა პრეტენზიები, თუმცა თაღლითობაში ბრალდებული არხის მფლობელს დანაშაული არ დაუმტკიცდა.

რაც შეეხება სემიონ სემენჩენკოსა და მიხეილ სააკაშვილის კავშირებს, ფაქტი, რომ ისინი პოლიტიკური თანამებრძოლები და ერთი იდეოლოგიის მსახურნი არიან, ნათლად გამოჩნდა 2017 წლის 10 სექტემბერს, როდესაც უკრაინიდან გაძევებულმა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინაში შევიდა. სწორედ ამ დღეს, სემიონ სემენჩენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამებრძოლებთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დახვდა. სწორედ სემიონ სემენჩენკომ გაუწია ორგანიზება უკრაინის “რადას” დეპუტატებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, მაშინ კიევიდან სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის მიერ „დადგმულ შოუში“ მონაწილეობისთვის საზღვარზე გაემგზავრნენ. “რადას” დეპუტატთან ერთად, აქ პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკოც იმყოფებოდა. ისინი მიხეილ სააკაშვილს ტრანსფარანტებითა და შეძახილებით შეხვდნენ.

მაშინ, ყველას გვახსოვს, რით დასრულდა ეს ისტორია. ახალი, „ქართული ისტორიის“ შესახებ კი, ჯერჯერობით, მწირი ინფორმაცია არსებობს. შსს საქმეს იძიებს და გამოძიება, ალბათ, მალე გასცემს პასუხს კითხვას, სინამდვილეში რა მიზნით იმყოფებოდნენ “დონბასის” 7 მებრძოლი და მათი მეთაური საქართველოში, რა კავშირი აქვთ მათ სააკაშვილთან, “გაერთიანებულ ოპოზიციასა” და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. წინ სასამართლო პროცესებია, დაპატიმრებული პირები, უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე შიმშილობენ, შსს ამბობს, რომ ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ნომრების ჩხრეკისას, ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალდებულთა დაცვის მხარე კი, ირწმუნება, რომ საქმე ფაბრიკაციასთან გვაქვს. თუმცა მედიამ, ამ დრომდე 7 დაკავებული პირის დაცვის მხარის მყარი არგუმენტები ვერ მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები