ირაკლი ალასანია ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე წვრთნებს დაესწრო

  ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტანდარტის სპეცდანიშნულების კურსი „მწვანე ბერეტი“ მიმდინარეობს. დღეს გეგმიურ წვრთნას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნის სახელწოდებაა აერო-მობილური მომზადება და საბრძოლო სროლებით პირობითი მოწინააღმდეგეებისგან ბუნკერების წმენდა. სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ვერტმფრენიდან დესანტირების შემდეგ ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები შეასრულეს.
სწავლებაში 44 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მომზადება სპეცდანიშნულების კურსის პირველი ეტაპის ფარგლებში ხორციელდება და მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკის შესწავლას გულისხმობს. „ჩვენ მიზანმიმართულად ვავითარებთ სპეციალური ოპერაციების ძალებს. უკვე რამდენიმე თვეა წვრთნები მიმდინარეობს. იმ ბიჭების 90 პროცენტს, რომლებიც სწავლებაში მონაწილეობენ, ავღანეთი აქვთ გამოვლილი, ანუ მათ აქვთ საბრძოლო გამოცდილება. ძალიან დიდი, მძიმე გამოცდების ჩაბარება მოუწიათ ამ ბიჭებს, რომ ამ ეტაპამდე მოსულიყვნენ. დაახლოებით 800 მსურველიდან 44 არის დღემდე შემორჩენილი. იმიტომ, რომ ძალიან მაღალი მოთხოვნების წვრთნებს ვატარებთ და სწორედ ასეთი გამორჩეული ბიჭები იქნებიან ჩვენი სპეციალური ოპერაციების ძალების ელიტარულ ქვედანაყოფებში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კურსის გავლის სურვილი სხვადასხვა დანაყოფიდან 800-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა. სწავლის გაგრძელებისთვის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის 2 წელიწადზე მეტი გამოცდილება წარმოადგენდა. ასევე, მსურველებს ჩაუტარდათ ტესტირება უნარ-ჩვევებში და ფიზიკურ მომზადებაში. გათვალისწინებულ იქნა მეთაურის რეკომენდაციებიც. ეს მოთხოვნები მხოლოდ 240-მა ჯარისკაცმა დააკმაყოფილა. კარანტინის ეტაპი 72-მა სამხედრომ გაიარა, ამ ეტაპზე კი წვრთნებს 44 სამხედრო მოსამსახურე გადის. მათ 90 პროცენტს ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს მიღებული. მომზადება სტრესულ სიტუაციაში და რთული კლიმატური პირობების დროს სპეციალურ წვრთნებს მოიცავდა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები სპეცდანიშნულების კურსის მომდევნო ეტაპზე გადავლენ, რის შემდეგაც სპეციალური ოპერაციების ძალებში შესაბამის თანამდებობაზე დაინიშნებიან. ანალოგიური კურსის ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები