თბილისის 12-მდე საბავშვო ბაღში მენინგიტი დაფიქსირდა

თბილისის 12-მდე საბავშვო ბაღში ვირუსული მენინგიტის შემთხვევა გამოვლინდა. როგორც “კვირას” საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განუცხადა, თავდაპირველად მენინგიტის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია 30-მდე ბაღიდან მიიღეს, თუმცა ინფექცია მხოლოდ 12 ბაღში გამოვლინდა. სულამანიძის თქმით, საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ხორციელდება, რის გამოც დაწესებულება მუშაობას ერთი დღით წყვეტს.
ამასთან, როგორც „კვირას“ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღის დირექტორმა ირმა გრიგოლიამ განიცხადა, ბაღში ვირუსული მენინგიტის გამოვლენის გამო სასწავლო პროცესი მომდევნო ორი დღით შეჩერდება. მისი თქმით, საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
„ამჟამად ოთახებს სპეციალური უსაფრთხო სითხით ვწმენდთ, მათ შორის – კარებებს, ფანჯრებს და საპირფარეშოებს. ყველაფერი საათში ერთხელ იწმინდება. ბავშვებს ხელებს ძალიან ხშირად ვაბანინებთ. ფანჯრები მუდმივად ღიაა. ეს არის რეკომენდაცია პრევენციის მიზნით“, – განაცხადა ირმა გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები