დავით უსუფაშვილი: ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება შინ და გარეთ მხოლოდ გამიხარდება

“შენების მოძრაობის” ლიდერი, დავით უსუფაშვილი საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უსურვებს, რომ უკეთესი პრეზიდენტი იყოს, ვიდრე – კანდიდატი.
უსუფაშვილმა არჩევნების შემდეგ, “შენების მოძრაობის” ახალ ოფისში, პირველი ბრიფინგი გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საკუთარ მხარდამჭერებთან სისტემურ თანამშრომლობას იწყებს.
“პირველ დეკემბერს, პირველ ბრიფინგს ვატარებ „შენების მოძრაობის“ ახალი ოფისიდან, საიდანაც გავუძღვებით ევროკავშირის დემოკრატიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ საქმიანობას. მაგალითად, ვიწყებთ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული 36 037 ხმის მქონე იმ მოქალაქეებთან სისტემურ თანამშრომლობას, ვინც ღია პოლიტიკური აქტიურობის სურვილს გამოთქვამს. მოძრაობის ოფისები გაიხსნება 10 ქალაქში, გააქტიურდება საკრებულოებში ჩვენი წარმომადგენლების საქმიანობა. დასახული გეგმის შესაბამისად, გადავდივართ ჩრდილოვანი კაბინეტის მოდელზე დაფუძნებულ ცენტრისტულ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების ეტაპზე.
დღეს პირველი დეკემბერია. ერთი წლის წინ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია თითქოს საზოგადოების გამოფხიზლების, შეკავშირების და ჩვენი მომავლის საერთო პრობლემებთან ერთიანი ძალებით შერკინების მიზეზი უნდა გამხდარიყო. მოხდა პირიქით… ამ ტრაგედიის ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ჩვენი სახელმწიფოებრივი მოუწყობლობა და გაღრმავდა ინდივიდის სახელმწიფოსგან მიტოვებულობის განცდა. აუცილებელია, ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება, თუნდაც იმ თანამდებობის პირების განსასჯელის სკამზე დასმით, ვისი ბრალითაც გართულდა თუ შეუძლებელი გახდა სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელის დასჯა.
საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება რთულია, რადგან ეს იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე, რომელშიც მხარეებმა გამოიყენეს ყველა იარაღი, რაც ხელთ აღმოაჩნდათ. წააგო საქართველომ. კიდევ ერთხელ დადასტურდა 2016 წლიდან გამოკვეთილი პრობლემა – „ოცნება“ ქვეყნის მართვას ვერ უმკლავდება. მათმა უთავბოლობამ და მათ მიერვე რეამინირებულ ოპონენტთან ხელახალმა შესკდომამ, ქვეყანა რამდენიმე წლით დახია უკან. აღმშენებლობისთვის ესოდენ საჭირო ეროვნული ენერგია გათიშულობისა და „არასახელმწიფოებრიობის კომპლექსის“ გაღრმავებას მოხმარდა. შეილახა ქვეყნის პრესტიჟი”, – განაცხადა უსუფაშვილმა
მისივე თქმით, “შენების მოძრაობა” ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს უჭერს მხარს.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელად ვუსურვებ, შეძლოს უკეთესი პრეზიდენტობა, ვიდრე იგი კანდიდატი იყო. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება შინ და გარეთ მხოლოდ გამიხარდება.
მე არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას და საპრეზიდენტო კანდიდატებს, ერთ წელიწადში პროპორციულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებისთვის არჩევნების დღემდე ეზრუნათ. ეს იქნებოდა პოლიტიკური პროცესების სახელმწიფოებრივი ინტერესის შესაბამისად წარმართვის საუკეთესო საშუალება. დღეს, განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის პოსტსაარჩევნო ტაქტიკის ფონზე, ამგვარი შეთანხმების ალბათობა არ გაზრდილა.
ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ ვემზადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისთვის – ვითხოვთ უკეთესს და ვემზადებით უარესისთვის”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები