ქუთაისში, თელავში, დედოფლისწყაროსა და ბოლნისში მსჯავრდებულები დასაქმდნენ

პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, ქუთაისში, თელავში, დედოფლისწყაროსა და ბოლნისში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის პრობაციის ბიუროში განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის პროცესში დადგინდა, რომ უმუშევრად დარჩენის შემდეგ, ნ. ბ-ს ოჯახის მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბიუროს შუამდგომლობით, ქუთაისში არსებული ერთ–ერთ რესტორანში პრობაციონერი მცხობელად დასაქმდა, სადაც ის ყოველდღიურად 20 ლარს გამოიმუშავებს. ქუთაისის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულ ხ. ჯ-ს, დამატებით სასჯელის სახით, შეფარდებული ჰქონდა 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომელიც მან კეთილსინდისიერად შეასრულა. ამის შემდეგ, პრობაციის ოფიცრის შაუმდგომლობით, ხ. ჯ. ქუთაისში ერთ-ერთ პურის საცხობში დასაქმდა, სადაც 250 ლარს გამოიმუშავებს. კახეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში არსებულ კერძო ფერმერულ მეურნეობებში დასაქმდნენ პრობაციონერები: გ. ტ. და გ. ა, რომელთა ხელფასი 300 ლარი იქნება. ბოლნისის პრობაციის ოფიცრის რეკომენდაციით, დასაქმდა განრიდებული მ. გ, რომელიც საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს ბოლნისის კომუნალურ მეურნეობაში, ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ზედამხედველობით ასრულებდა. მ. გ. ამავე მეურნეობაში მძღოლად დასაქმდა და ხელფასის სახით 450 ლარი დაენიშნა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 2014 წელს უკვე 45 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები