მამუკა არეშიძე: მიხეილ სააკაშვილი რეალობას მოწყვეტილი ემიგრანტია, არ იცის, რეალურად ქვეყანაში რა ხდება

მიხეილ სააკაშვილი თავის ამპლუაშია, ის რეალობას მოწყვეტილი ემიგრანტია, რომელმაც არ იცის, რა ხდება რეალურად ქვეყანაში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
არეშიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. სააკაშვილმა მოქალაქეებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
როგორც არეშიძემ აღნიშნა, სააკაშვილი სახიფათო პოლიტიკოსია.
„მან თავისი ბუნება გამოამჟღავნა. გუშინ კიდევ თავს იკავებდა, სულ ველოდებოდი, რომ იტყოდა – ყველანი ბარიკადებზე, შეიძლება ამ სიტყვებით არ ეთქვა, მაგრამ აზრი ეს გაეტარებინა. სააკაშვილს მკაცრი, სასტიკი მეთოდების გარეშე მუშაობა არ შეუძლია, ბუნება აქვს ასეთი. ის აუცილებლად რადიკალურ ნაბიჯებზე მიდის, ამას ეწირება ადამიანების ღირსება, ხანდახან ადამიანების სიცოცხლე, ქვეყნის კეთილდღეობა, სტაბილურობა, ოღონდ მიაღწიოს თავის მიზანს. ძალიან სახიფათო პერსონაჟია, უაღრესად ნიჭიერი პოლიტიკოსია, მაგრამ სახიფათო. ასეთებს იცნობს ისტორია.
მისი გუშინდელი გამოსვლა, ჯერ ერთი, შეურაცხმყოფელი იყო ხალხისთვის და მეორეც, ძალიან სახიფათო. ის, რომ გამოსულიყო არჩევნების წინ, დარწმუნებული იყავით, რომ 40 %-ზე ნაკლები ექნებოდა გაერთიანებულ ოპოზიციას. რომ ყოფილიყო პატარა განსხვავება რეზულტატს შორის, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა რაღაც აეგორებინათ, გარკვეული საპროტესტო ტალღა იმ მოთხოვნით, რომ გაუყალბეს. ახლა გამორიცხულია ეს ამბავი.
პირველი მას ბოკერია გაემიჯნა. მერე გაემიჯნა ვაშაძე იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა დიდი უმრავლესობა გადასარევად არის მოწყობილი, მათ შეუძლიათ ილაპარაკონ რაც უნდათ, მათ აქვთ საზოგადოებრივი, პოლიტიკური მდგომარეობა, რაც მთავარია მატერიალური მდგომარეობა, ბევრი მათგანი ბიზნესის წილებში დღემდე ზის. უნდათ ახლა იმათ ქუჩაში სირბილი, ყინვაში დგომა? არ უნდათ, რასაკვირველია. მათთვის აღარ არის მნიშვნელოვანი ექსცესური პოლიტიკა, მათთვის კაბინეტური პოლტიკა არის კარგი და მოსარგები“, – განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, საპროტესტო აქციებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოითხოვონ.
„დღეს ღამე, ხვალ ღამე და ხვალინდელი დღიდან, იმის მიხედვით, რა შედეგი დადგება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ჯარებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ საჯარო სამსახურის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ, მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე დაუმორჩილებლობის შესახებ თქვა, რომ ეს ერთი ადამიანის პირადი აზრია.
ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,52 %-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი 40, 48 %-მა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები