„ხალხმა, საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ მისცა ხმა“- არეშიძე არჩევნების შედეგებს აფასებს
ხალხმა, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისცა ხმა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არეშიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასა. მისი განცხადებით, იყო სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ ფაქტორი, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიცემული ხმები აღმოჩნდა.
„დიდხანს იქნება კამათი იმის თაობაზე, საბოლოო ჯამში, ვინ გაიმარჯვა: სალომე ზურაბიშვილმა, „ქართულმა ოცნებამ“ თუ ხალხმა. იმისათვის, რომ მშვიდობიანად დავამთავროთ ყველაფერი, უნდა ვთქვათ, რომ სამივე კომპონენტმა თავის როლი შეასრულა. მაინც ვთვლი, რომ საზოგადოებრივი ძალისხმევა გადამწყვეტი იყო ამ გამარჯვებაში. აქ მთავარია გაერთიანებული ოპოზიციის 40%. გაერთიანებული ოპოზიცია არის ფიქცია. იქ არის ერთი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“.
ჩავთვალოთ, რომ იმ ხმებიდან, რომელიც მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ, 35% „ნაციონალური მოძრაობისაა“. ეს ძალიან, მაღალი მაჩვენებელია პარტიისთვის, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს არის შედეგი იმ არასწორი პოლიტიკისა, რასაც ხელისუფლება ატარებდა, რასაც ჰქვია მახინჯი კოჰაბიტაცია, რასაც ჰქვია პოზიციონირება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის და ა.შ.
ბევრი სხვა შეცდომაც იყო, რამაც საზოგადოების გაუცხოება, გაბრაზება და პროცესში არ ჩართვა გადაწყვიტა. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამხედროებში დამარცხდა ხელისუფლება, ესეც ცუდი ნიშანია, მოგეხსენებათ, ავღანეთის შედეგების მიხედვით წააგო. ხელისუფლებამ წააგო საზღვარგარეთის არჩევნებში, ესეც ცუდი ნიშანია, წააგო 2 დიდი ქალაქი – რუსთავი და თელავი. ესეც არ არის კარგი მანიშნებელი. ბევრ რაიონში განსხვავება არ იყო დიდი. ანუ, საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ეს 40% ძალიან შემაწუხებელი რიცხვია. ძალიან ბევრი რამის მანიშნებელი. ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო იმის დამტკიცება ხალხისთვის, რომ მას შეუძლია იყოს სხვანაირი, შეუძლია იყოს ბევრად უფრო ახლოს საზოგადოებასთან და შეუძლია სერიოზული რეფორმების გზით იაროს. ხალხმა, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს არის ამ არჩევნების ერთგვარი დამახასიათებელი ნიშანი. სალომეს ფაქტორი იყო, „ქართული ოცნების“ ფაქტორი იყო, მაგრამ, მთავარი და გადამწყვეტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიცემული ხმები“, – განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,52 %-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 40, 48 %-მა.
თამუნა შეყილაძე