400-ზე მეტ დევნილ ოჯახს სამინისტრო სოფლად სახლს შეუძენს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სახლს შეუძენს.
როგორც „კვირას“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო.
კომისიას, აღნიშნული უწყების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის მუშაობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კომისიამ „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 600-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის განაცხადი განიხილა და 400-ზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი უკვე 2534 დევნილ ოჯახს შეუძინა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები