საკრებულომ გამოფენას „ხელით დაინახე შენი თბილისი“ უმასპინძლა

თბილისის საკრებულოში გამოფენა სახელწოდებით „ხელით დაინახე შენი თბილისი“ გაიმართა. პროექტის ავტორი მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე ქეთი მატაბელი გახლავთ. გამოფენა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ გახსნა. მისი თქმით, ნამუშევართა უმეტესობა შექმნილია „ხელით დანახვის და ხელით შექმნის” ქეთი მატაბელის შემოქმედებითი ჯგუფის საავტორო მეთოდით და ითვალისწინებს მცირემხედველი და უსინათლო ადამიანების ინკლუზიას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში. მარიკა დარჩიამ აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს კარი მსგავსი სახის პროექტებისთვის მუდამ ღია იქნება.
დღესვე, ხელოვნების ცენტრ „ფოლიანტი“ -ს სახელით, პროექტის „ხელით დაინახე შენი თბილისი“ ორგანიზებაში გაწეული განსაკუთრებული თანადგომისთვის, საპატიო დიპლომები საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მარიკა დარჩიას, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს, თბილისის მერს კახა კალაძეს, მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიას, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორს თინათინ რუხაძეს და სხვებს გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში, „ჩრდილების თეატრის“ პერფორმანსი და ზაზა მეჭიაურის პოლიტიკის დოკუმენტის “თეატრის ხელმისაწვდომობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატები, მხატვრები, სტუდენტები, მოსწავლეები და შშმ პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები