ნინო გოგუაძე: საგარეო კომიტეტმა მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

„საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პირველად შეიმუშავა და წარადგინა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის”,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობის დოკუმენტირება ჯერ კიდევ განვითარების და დახვეწის პროცესშია.
„სტრატეგიის დოკუმენტი არის სრული ინფორმაცია პარლამენტის განსახორციელებელი საგარეო პოლიტიკის შესახებ და იმავდროულად, ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობა თვალი ადევნონ კომიტეტის მუშაობის პროცესს. პარლამენტში საქმიანობის დოკუმენტირება ჯერ კიდევ განვითარების და დახვეწის პროცესშია. ასეთი სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა და მის საფუძველზე მუშაობა, ხელს უწყობს პარლამენტის,როგორც ინსტიტუციური მეხსიერების მქონე სახელმწიფო უწყების განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყველაზე აქტუალურ საკითხებზე სამუშაო ჯგუფების ფორმატში იმუშავებს. მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკა, დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხები. ეს პროცესი დაინტერესებულ მხარეებს პარლამენტთან მეტი ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს და თავად კომიტეტის საქმიანობას უფრო მეტად გახსნილს და გამჭვირვალეს გახდის”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მისი თქმით, კომიტეტი პრიორიტეტულად იმუშავებს შემდეგ საკითხებზე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, ევროკავშირის და ნატოს წევრობა, აშშ-თან ურთიერთობების გაღრმავება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ეკონომიკური დიპლომატიის განხორციელება და უსაფრთხოების საკითხებზე რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები