ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა “დედა ენის” ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს

პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაცსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ,,დედა ენა” – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, ,,დედა ენა”, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი,დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით.
,,დედა ენა” – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი როგორც ნომინაციის – ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.
საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც, კონვენციის შესაბამისად, გულისხმობს ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლის უნარიანობის უზრუნველსაყოფად – მათ შორის, მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენარჩუნებას, დაცვას, პოპულარიზაციას, მისი როლის ამაღლებასა და მის გადაცემას უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც ,,დედა ენა”- ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები