ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე დიპლომატიური კორპუსის და NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან წარმოდგენილი.
მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს პოლიციის მიერ, როგორც პირველი ტურის განმავლობაში, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს.
ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ აღნიშნულ თემაზე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია NDI-ის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. მათ, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნული გამოძიებების ფარგლებში იმ ბრალდებულების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო.
შეხვედრაზე მხარეებმა არჩევნების პერიოდში მომხდარ სამართალდარღვევებზე დაწყებული გამოძიებები და მათი შედეგები განიხილეს.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი არჩევანის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები