„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურად ირთვება „ნაცმოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა“

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურად ირთვება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპონენტები უფრო და უფრო იაფფასიანი კომპრომატებით რეალობის სრულმასშტაბიან მოდელირებას ცდილობენ.
„მინდა დავამშვიდო ოპონენტები და ვუთხრა, რომ მათ ქმედებებს არჩევნების შედეგზე არანაირი გავლენა არ ექნება. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე, რაზეც ისინი აპელირებენ, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, ვაცნობებთ საზოგადოება მათ შორის და საერთაშორისო დამკვირვებლებს. დღეს, საზოგადოებისთვის მორიგი სისულელის, ვითომდა, ფარული ჩანაწერის შესაღებას შეეცადნენ. ბუნებაში არ არსებული ამ ტიპის ე.წ. კომპრომატების შექმნა ნებისმიერი 2 პირის საუბრის ჩაწერითაც კი შეუძლია „რუსთავის 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“.
„რუსთავი 2“-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია, თითქოს „ქართული ოცნების“ რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40 პროცენტიანი სხვაობა არსებობს და ამის აღმოსაფხვრელად კი თითქოს ჩვენი გუნდი საარჩევნოდ გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს. რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და მტკნარი სიცრუეა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მათი სქემის ნაწილია გურჯაანსა და რუსთავში, ვითომდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტები.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები, თითქოსდა მათ წინააღმდეგ ხდება პოლიტიკურ ანგარიშსწორება. რეალურად, შეუძლებელია, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობა, რადგანაც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი არჩევნებში დამარცხებისთვის განწირული სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილია და არეულობა ხელისუფლების ინტერესში ვერაფრით ვერ იქნება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2“-მა მარნეულში მომხდარ ფაქტზეც იცრუა, ცრუ ბრალდება გააჟღერეს ამ მიმართულებით იმიტომ, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეზე რაიმე სახით ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბრალდებები აღმოჩნდა აქაც მტკნარი სიცრუე. ამ მოქალაქის მკურნალმა ექიმმაც კი დაადასტურა, რომ მას არანაირი სახის დაზიანება არ ჰქონია და არ მიუღია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შკლიაროვისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რომ სხვას დააბრალონ ის, რასაც თავად წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა“,- აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნული ქმედების შესახებ ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები უმკაცრეს რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტზე. პარტიის თავმდჯომარის თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაბრალებდნენ, ისინი რეალურად თავად სჩადიან.
„რუსთავი 2“-ის მიერ დადგმული სპექტაკლები მხოლოდ არჩევნების დელეგიტიმაციას, გაყალბების ილუზიის შექმნას ემსახურება, რომელიც იმ რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილია, რასაც სააკაშვილი, შკლიაროვი, ვაშაძე და მთელი ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერები ღიად თუ ფარულად დიდი ხანია გვიანონსებს.
ისევე როგორც, 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით, თავისუფალ, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობაზე ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ ქმედებას კი, რომელიც არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობისკენ იქნება მიმართული, კანონის ფარგლებში უმკაცრესი პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა მდინარაძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები