ვახო ხუზმიაშვილი: ვიბრძოლეთ, ვიომეთ, ბოლოს აღმოვჩნდით ქუჩაში და მადლობაც არავინ გვითხრა
ჩვენ ვიბრძოლეთ, ვიომეთ, ბოლოს აღმოვჩნდით ქუჩაში და მადლობაც არავინ გვითხრა, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა “2020 NEWS“-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელობა უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზაზა ოქუაშვილი ჟურნალისტების მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
“დაახლოებით, თვე-ნახევარია, ვიყენებ აბსოლუტურ პაუზას, რომ არ ყოფილიყო ჩემი მხრიდან არანაირი განცხადება გაკეთებული. მინდოდა დავლოდებოდი ყველანაირ ფორმალობას. თვე-ნახევარია, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები იმყოფებიან მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში. ყველა ჩვენგანს ჰყავს ოჯახები და შვილები. ჟურნალისტებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვები. ეს ადამიანები არიან ქუჩაში დარჩენილები. „იბერიას“ დამფუძნებლებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, რომ თუ არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსები, მადლობა მაინც ეთქვათ ჟურნალისტებისთვის გვერდში დგომისთვის. მგონია, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები იმსახურებდნენ ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან და დამფუძნებლებისგან ელემენტარულ მადლობას. ტელევიზიის დამფუძნებელმა და პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ „იბერიას“ თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებისთვის მიემართათ. მაშინაც ჩავთვალე და დღესაც მგონია, რომ ეს ჩვენი დაცინვაა. ჟურნალისტებმა არ უნდა მოსთხოვოს ფული ხელისუფლებას ჟურნალისტებს ხელფასი უნდა გადაუხადონ იმ ადამიანებმა, ვინც დაასაქმა ეს ჟურნალისტები. ისინი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. ამ ქვეყანაში ასე მარტო ჟურნალისტებს კი არა, არავის არ უნდა ექცეოდნენ. ჩვენ ვიბრძოლეთ, ვიომეთ და ბოლოს აღმოვჩნდით ქუჩაში და მადლობაც არავინ არ გვითხრა“, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.
ცნობისთვის, მანამდე ვახო ხუზმიაშვილმა აღნიშნულ საკითხზე ვრცელი პოსტი “ფეისბუქის” პირად გვერდზეც გამოაქვეყნა.