აჭარის ტელევიზიის შენობაში ხანძარი გაჩნდა
ხანძრის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილია.
პირველი არხის ინფორმაციით, ცეცხლი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ელექტროენერგიის კვების ბლოკში გაჩნდა და ტრანსფორმატორი დაიწვა.
კვამლი თანამშრომლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს. აჭარის ტელევიზიის ტექნიკური სამსახურის მენეჯერის, მიხეილ შეშელიძის თქმით, ტელევიზიასა და რადიოს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ელექტროენერგია არ მიეწოდება არც ტელევიზიას და არც რადიოს, ვერ მუშაობს ვებგვერდიც. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, დენის მიწოდება სავარაუდოდ, ერთ საათში აღდგება. ტექნიკა დაზიანებული არ არის“, – განაცხადა მიხეილ შეშელიძემ.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.