სალომე ზურაბიშვილის ძმა ვიდეომიმართვას ავრცელებს – „კრემლი იყენებს საბჭოთა მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს”
საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის საუკეთესო არჩევენია. მისივე თქმით, კრემლი იბრძვის საბჭოთა მეთოდებით, რათა არ დაუშვას სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.
„მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. ვინც კარგად არ მიცნობს, შევახსენებ, ჩემს ვინაობას: ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში, პოლიტიკურ-ისტორიული ემიგრანტის ოჯახში. ახალგაზრდობიდან ვიყავი ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დაწყებული 1975 წლიდან მხარს ვუჭერდი ქართულ-ეროვნულ მოძრაობას. ამ წლების მანძილზე ვიყავი ერთ-ერთი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს დირექტორატის წევრი და თორმეტი წელია, რაც მისი თავმჯდომარე ვარ. რასაკვირველია, გამოვხატავ არა სათვისტომოს, არამედ ჩემს აზრს.
ალბათ იცით, რომ ჩემს დას, სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და კიდევაც გვაქვს ზოგიერთ საკითხში, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე, დარწმუნებული ვარ, კრემლი იყენებს ყოველგვარ ყოფილ საბჭოთა მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიაც არის ამის კარგი მაჩვენებელი.
მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან განსხვავებული. დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გვაძლევს იმ უნიკალურ შანსს, რომ დავასუსტოთ რუსეთის მუქარა და გავაძლიეროთ ჩვენი ერი. სალომეს 30-წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებებს და მის სამ მთავარ მიზანს: საზოგადოების გამოყვანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან, მისი დამშვიდება და გაერთიანება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც გააადვილებს სალომეს ევროპული და ამერიკული სტრუქტურების ცოდნა და პერსონალური კავშირები. საქართველოს და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის გაფართოება და მათი დაბრუნების პირობების შექმნა. სალომეს ინიციატივით მიღწეული კონსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგ მოქალაქეობაზე იძლევა ამის საშუალებას. ამ სამი მიზნის მიღწევა მოგვიტანს ძალას და იარაღს რუსეთის საფრთხის ასაშორებლად.
მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს. ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი”,- აცხადებს ოთარ ზურაბიშვილი.