მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, – ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მამუკა ბახტაძის დავალებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს გადახედავს.
შეფასდება კანონის მიერ მოტანილი სარგებელი და შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კანონის მოქმედების არეალის გაფართოების კუთხით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტია მთაში მცხოვრებთა მაქსიმალური ხელშეწყობა და მოსახლეობის დაბრუნება, რაც კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნება. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომდევნო სასწავლო წლისთვის მომზადება მთის ფონდიდან დაფინანსდება.
ასევე, საქართველოში დაწესდება მთის კვირეული, რომელიც ხელს შეუწყობს მთისა და მთის კურორტების განვითარებას და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.
მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 1730 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სადაც 243 000 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობს.
ცნობისთვის, 2017 წლის განმავლობაში, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცემულია 66 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება და დანამატები, რომ მთაში მცხოვრებლებს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდეს და მთაში მოსახლეობა შენარჩუნდეს.