სანდრო გირგვლიანის ბიძა: ყველამ, უპირობოდ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს
ყველამ, უპირობოდ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან უკვირს იმ ხალხის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს, ვისაც უნდა რომ გრიგოლ ვაშაძე გახდეს პრეზიდენტი.
„მე ამ მოძრაობის სათავეში ვიყავი თავიდანვე, იმის მერე, რაც მოხდა დიდი უბედურება, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება, ამის შემდეგ კი ჩემი, დის ირინა ენუქიძის. ამ დღიდან მოყოლებული მე მათი წინააღმდეგი ვარ, იმდენად რამდენადაც, ეს იყო, ფაქტობრივად, ტერორისტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში იკადრა უკადრებელი. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ერი გაენადგურებინა, რომ ერს დაეკარგა ტერიტორიები, ბევრი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა მათ რეჟიმს. მთელი საქართველო ტრაგიკულ მდგომარეობაში იყო .
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათთვის მხარის დაჭერა, იმიტომ, რომ ისინი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები. ყველამ, უპირობოდ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, არა მარტო იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მისი მოწინააღმდეგე მხარე, არამედ იმიტომაც, რომ ის არის ნამდვილად პატრიოტი ადამიანი, მას ნამდვილად უნდა, რომ საქართველო იყოს გამარჯვებული“, – განაცხადა ენუქიძემ.