ლევან იზორიამ ავღანეთში ვიზიტი დაასრულა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მაზარ-ი-შარიფში სტუმრობით დაასრულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ მიმართულების (TAAC North) სარდალს, ბრიგადის გენერალ გერჰარდ კლაფუსს ბაზა „მარმალზე“ შეხვდნენ.
უწყების ცნობით, მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქართველ და გერმანელ სამხედროებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს, ბრიგადის გენერალმა გერჰარდ კლაფუსმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა იმ უპრეცედენტოდ კარგი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს შორის ჩამოყალიბდა.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართველი სამხედროების მიერ აშენებულ წმინდა გობრონის სახელობის სალოცავს ესტუმრა და მას წმინდა გიორგის ხატი შესწირა.
ცნობისთვის, მაზარ-ი-შარიფში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულა. ლევან იზორიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები