შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით“,- აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები