„13 წლის მანძილზე „ქართუმ“ „ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი” 68.7 მლნ ლარით დააფინანსა და 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია განხორციელდა“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში ფონდი „ქართუს“ მიერ 2005-2018 წლებში ქველმოქმედების მიზნით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით მოქალაქე თიკო თვალავაძის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.
„მოქალაქეების მეტი ინფორმატიულობის მიზნით, სააგენტო თავს ვალდებულად მიიჩნევს სრულად წარმოაჩინოს „ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის” ინიციატივით 13 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა პატრონობისთვის გაღებული ფინანსური სახსრების ოდენობა და მათი მიზნობრიობის სტრუქტურა.
„საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის” მიერ 2005-2012 წლებში 23 მილიონ 400 ათასი ლარის საერთო ღირებულების თანხით დაფინანსდა რამდენიმე ასეული საკულტო ნაგებობის სარეაბილიტაციო პროცესი, რაც ამ დროის ინტერვალში განხორციელებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტების ძირითად უმრავლესობას წარმოადგენდა.
გაცილებით მოცულობითი იყო 2012-2018 წლებში ფონდის მიერ გაღებული ფინანსური სახსრების ოდენობა, რომელმაც 6 წლის განმავლობაში 45 მილიონ 266 ათასი ლარი მოიცვა. 2012 წლიდან სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტი შეეხო 801 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლს. ამავდროულად რეაბილიტირდა 12 ებრაული საკულტო ნაგებობა, 2 სომხური ხუროთმოძღვრული ძეგლი, დაფინანსდა 13 სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი, სრული კონსერვაცია ჩაუტარდა კედლის მხატვრობის 4 ობიექტს, გამოიცა 4 სამეცნიერო ნაშრომი. 2 ეროვნული კატეგორიის ძეგლზე დაფინანსდა 3D ლაზერული სკანირებისა და სამეცნიერო კვლევის პროექტი.
2005-2018 წლებში ფონდმა „ქართუმ“ 68.7მლნ ლარით დააფინანსა “ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი” რომელმაც თავის მხრივ განახორციელა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესში სახელმწიფოს მთავარი ფინანსური დონორი ინსტიტუტის – ფონდი „ქართუს” დაფინანსების ქვეშ მოქცეული ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი ძეგლებიდან გამორჩეულია: ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლესი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მთაწმინდის მამა-დავითის ტაძარი, მუცოს ციხე-სოფელი, მესტიის ისტორიული კოშკები, სოფელი ჩაჟაშის არქიტექტურული კომპლექსი, გერგეთის სამების ტაძარი, ფოკას სამონასტრო კომპლექსი, ალავერდის მონასტერი, ზუგდიდის ნიკო დადიანის სასახლე, ანანურის სამონასტრო კომპლექსი, საფარასა და ბოდბის ეკლესიები, აწყურის ციხე და საკათედრო ტაძარი, კუმურდოს საკათედრო ტაძარი, სამთავისის სამონასტრო კომპლექსი, ყინწვისის მონასტერი, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა მრავალი“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები