დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივები გააცნო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დიაპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის და საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გააცნო.

როგორც მინისტრმა  შეხვედრაზე აღნიშნა, დიასპორის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს და სამინისტრო გამოდის სულ უფრო მეტი ახალი ინიციატივით საზღვარგარეთ ქართული დიაპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის  ახალი ინიციატივა დიასპორული ვებ-პორტალის შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა ეს იქნება  ერთი ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებული ვებ-პორტალი, რომელიც  იქცევა ეფექტურ საკომუნიკაციო პლატფორმად სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დიასპორას შორის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვებ-პორტალის კონცეფცია უკვე შემუშავებულია და მისი მთავარი ხაზია, რომ  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საშუალება ჰქონდეთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო სერვისები, ასევე ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, იმავდროულად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ.  მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს  მიმართა თხოვნით, რომ მაქსიმალურად იქნას მათი მხრიდან მოწოდებული წინადადებები და რეკომენდაციები, რათა საბოლოო პროდუქტი პასუხობდეს დიასპორის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველად შეიქმნა. სახელმძღვანელო მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.  იგი აგებულია თანამედროვე სწავლების  პრინცპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც 3000-მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს. ყველა სკოლას სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ  დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის”განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა.  საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა უკვე გამოცემული სახელმძვანელოები საჩუქრად გადასცა ბრიუსელისა და ანტვერპენის ქართულ საკვირაო სკოლებს. ბრიუსელში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის წევრები დიაპორის წარმომადგენელებს უშუალოდ  გაესაუბრნენ და მათი წინადადებები მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები