შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა 

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, მცხეთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზესტაფონისა და ფოთის იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გახსნა.

პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. იზოლატორში დასაქმებული ექიმები აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ. ექიმებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსი გაიარეს. დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნის პროექტის ინიცირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის დასაწყისში მოხდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასაც ემსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს.

2018 წლის ნოემბერში 6 იზოლატორში სრულად განახლდა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები. დანარჩენ იზოლატორებში ტექნიკის განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის უფრო ეფექტიანად განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი