დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მის უწმინდესობას არ უთქვამს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად

მის უწმინდესობას არ უთქვამს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
როგორც დეკანოზი აცხადებს, ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვება.
„ასე მოხდა გუშინაც. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავის მისია. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, პატრიარქის სახელით, უნებლიედ ან მიზანმიმართულად, ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლის ჩრდილის მოყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურობის კუთხით მრავალი წელია ეწევა.
მინდა გითხრათ, რომ ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალიატიური ცენტრი, უპოვართათვის ფუნქციონირებს სასადილოები. ამ ყველაფრის აფიშირებას ეკლესია არ აკეთებს, არ მიაჩნია ეს საჭიროდ. ასევე შეიძლება გავიხსებოთ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სახელმწიფომ საჭიროდ ჩათვალა და მოაწყო უსახლკაროთათვის თავშესაფარი, მაშინ ეკლესია თავისი წვლილით ეხმარებოდა ამ ადამიანებს. თუ ამის მერეც იქნება რაიმე მსგავსი ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ცალკე მოხდეს ასეთი სახლის ფუნქციონირება, ეკლესია კვლავ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია, ეს ელემენტარულია“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები